„მიხაილოვის“ საავადმყოფოს ადგილას Breus Art Center სავარაუდოდ 2028 წლისთვის აშენდება – ქართული წარმოშობის რუსი ბიზნესმენის პროექტის ახალი ესკიზები

თბილისის ისტორიულ უბანში მდებარე „მიხაილოვის“ ყოფილი საავადმყოფოს ადგილას თანამედროვე ხელოვნების ახალი ცენტრის Breus Art Center-ის მშენებლობას ქართული წარმოშობის რუსი ბიზნესმენი შალვა ბრეუსი გეგმავს, რომელმაც ცენტრის განახლებული ესკიზი არქიტექტურის სამსახურს უკვე წარუდგინა.
რას გულისხმობს Breus Art Center-ის პროექტი
არქიტეტურის სამსახურის ვებ გვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, ამჟამად, ბრეუსის კომპანიას შპს „ჰანსს“ მიღებული აქვს თანხმობა ყოფილი საავადმყოფოს ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე შენობის დემონტაჟის და რამდენიმე მიწის ნაკვეთის გაერთიანების შესახებ.
„ნაკვეთები მდებარეობს ისტორიულ უბანში, მოიცავს მიხეილის ისტორიულ საავადმყოფოს. დღეის მდგომარეობით შენობაც და ტერიტორიაც უფუნქციოა.
სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად შპს ჰანსი ვალდებულია უზრუნველყოს ზემოხსენებულ საკადასტრო ერთეულებზე მრავალფუნქციური კომპლექსის, რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) არანაკლებ 8000 კვ.მ ფართობზე მოწყობილ ხელოვნების ცენტრებს (რომელიც მოიცავს არანაკლებ 2400 კვ.მ ფართობზე მოწყობილ ხელოვნების ნიმუშების საგამოფენო დარბაზებსა და სივრცეებს, ასევე საწყობებს, სახელოსნოებს, ბიბლიოთეკებს, სალექციო დარბაზები, საგანმანათლებლო სივრცეებს და ა.შ.)
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით მომზადდა ესკიზი, რომელსაც განცხადებას თან ვურთავთ. დაგეგმილია ხელოვნების ცენტრის პროექტის მომზადება. კომპლექსი შედგება 3 შენობისგან, რომელშიც განთავსებული იქნება სამხატვრო მუდმივი და დროებითი გალერეები, საგანმანათლებლო, სალექციო, სახელოსნო, სასაწყობე სივრცეები, კაფე-რესტორნები, კინოცენტრი. საერთო ჯამში დაახლოებით 28 000 კვ. მეტრი“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
საინვესტიციო პირობებიდან გამომდინარე, უნდა მოხდეს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, არანაკლებ 30 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელება და მშენებლობა 2028 წლამდე უნდა დასრულდეს.
„ხელშეკრულება გვაქვს მთავრობასთან, რომ უნდა დავამთავროთ საინვესტიციო პირობებიდან გამომდინარე 2028 წელს, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უფრო სწრაფად მოვითავებთ ყველაფერს.
მუზეუმს სჭირდება საგამოფენო სივრცეები, საავადმყოფო შენობას ეს სივრცეები არ აქვს, ამიტომ ჩვენ უნდა მივუშენოთ დამატებითი კომპლექსი. ისე უნდა ჩავდგათ, რომ ისტორიული იერსახე არ დავაზიანოთ, აღვადგინოთ ეს ყველაფერი, მერე მივუშენოთ რაღაც. ეს არის ყველაზე დიდი ამოცანა არქიტექტორებისთვის“ – განაცხადა შალვა ბრეუსმა ტერიტორიის შეძენის შემდეგ.
როგორ იყიდა რუსმა ბიზნესმენმა „მიხაილოვის“ საავადმყოფო
ბიზნესმენმა შალვა ბრეუსმა ისტორიული შენობა თბილისის ცენტრში შპს „ჰანსის“ საშუალებით შეიძინა. კომპანია, რომლის 100%-იანი წილის მფლობელიც თვითონ არის, საჯარო რეესტრში 2021 წლის ოქტომბერში დარეგისტრირდა.
საავადმყოფოს ტერიტორიის სამუზეუმო სივრცედ გადაქცევის გადაწყვეტილებამდე სახელმწიფომ არსებული სივრცე სხვა ინვესტორს გადასცა, რომელსაც 200-ოთახიანი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს აშენების ვალდებულება ჰქონდა, თუმცა მან ის ვერ შეასრულა, ამიტომ ქონების სააგენტომ ინვესტორს ტერიტორია ჩამოართვა და ობიექტი ხელახალი პრივატიზაციისთვის მოამზადა.
მიხეილის ყოფილი საავადმყოფოს შენობის და მიმდებარე მიწების გაყიდვა სახელმწიფომ ოთხჯერ სცადა, მაგრამ მყიდველი არ გამოჩნდა. 2021 წელს ქონების ეროვნული სააგენტო ამ ლოტს 39,8 მილიონ ლარად აფასებდა, მაგრამ საბოლოოდ 2022 წლის მარტში შენობა ეკონომიკის სამინისტრომ შალვა ბრეუსის კომპანიას საწყის ფასზე თითქმის 24 მილიონი ლარით ნაკლებად, 16 მილიონ ლარად მიჰყიდა.
ბათუმში დაბადებული შალვა ბრეუსი საქართველოს და ს ორმაგი მოქალაქეა. მისი ბიოგრაფიის თანახმად, ბრეუსი 1998-1999 წლებში რუსეთის კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორის ალექსანდრ ლებედის პირველი მოადგილე, ხოლო 2000 წლიდან 2003 წლის იანვრამდე რუსეთის ფედერაციის ქონებრივი ურთიერთობის მინისტრის მოადგილე იყო. 2003 წლიდან ბრეუსი ცელულოზის კომბინატ „ვოლგას“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობდა, შემდგომ კი მისი მესაკუთრეც გახდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ბრეუსი წლების წინ ბიძინა ივანიშვილთანაც გადაიკვეთა, მაშინ როდესაც გენერალ ლებედის საარჩევნო კამპანიას სხვა ბიზნესმენებთან ერთად ივანიშვილიც აფინანსებდა.
2017 წელს snob.ru შალვა ბრეუსზე მომზადებულ ვრცელ სტატიაში წერდა, რომ მისი კოლექცია, რომელიც 700-ზე მეტ ნამუშევარს აერთიანებს და რომელსაც ათწლეულებია აგროვებს, სრულად არავის აქვს ნანახი.