თეთრი სახლის მიწვევის მიუხედავად, უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა კონგრესში აშშ-ს პრეზიდენტის ყოველწლიურ მიმართვას არ დაესწრება.
“განრიგში დაგეგმილი ღონისძიებების გამო, რომლებშიც შედის კიევის ბავშვთა სახლში მცხოვრები ბავშვების მონახულება, რაც წინასწარ იყო დაგეგმილი, სამწუხაროდ, პირველი ლედი ღონისძიებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს”. – უთხრეს POLITICO-ს ზელენსკას ოფისში.
თუმცა, 5 მარტს Washington Post-მა კონგრესში მიწვევაზე უკრაინის პირველი ლედის უარი განსხვავებული მიზეზით ახსნა.
გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზელენსკა ღონისძიებაზე აშშ-ს პირველ ლედისთან, ჯილ ბაიდენთან და რუსეთში პატიმრობაში მოკლული ალექსეი ნავალნის ცოლთან, იულია ნავალნაიასთან უნდა მჯდარიყო.
WP-ს თქმით, ამან უკრაინის ხელმძღვანელობაში დისკომფორტი გამოიწვია, რადგან ბევრი უკრაინელი ნავალნაიასა და სხვა რუს ოპოზიციონერებს პუტინის წინააღმდეგ ბრძოლაში მოკავშირეებად არ აღიქვამს.
გამოცემის ცნობით, ეს ძირითადად გამოწვეულია ნავალნის კომენტარებით, რომელმაც ყირიმზე თქვა,რომ ეს “არ არის სენდვიჩი, წინ და უკან გადასაცემად”. უკრაინაში რუსი ოპოზიციონერის ეს სიტყვები ნახევარკუნძულის ანექსირების მხარდაჭერად განიხილება, მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით ნავალნიმ საჯაროდ დაუჭირა მხარი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას 1991 წელს დაწესებულ საზღვრებში და რუსეთის თავდასხმასაც ეწინააღმდეგებოდა.
საბოლოოდ, ბაიდენის ყოველწლიურ მიმართვას არც ნავალნაია დაესწრება. მან თეთრი სახლის მიწვევაზე უარი გადაღლილობით ახსნა.