„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ რეგიონის უმსხვილესი საინვესტიციო პროექტია, რომელიც ბათუმის ზღვისპირის სივრცეში, „ბარცხანასა” და „თამარის“ დასახლების სანაპიროს აკვატორიაში ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი რეზორტული ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს.
საქართველოს მთავრობამ კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ ქობულეთში 500 000 მ³-ის მოცულობის წიაღისეულის მოპოვების უფლება მისცა და 12 თვის ვადით მოპოვების ლიცენზიისგან გაათავისუფლა, – ამის შესახებ ირკვევა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მიერ ხელმოწერილი განკარგულებიდან, რომელიც 1 აგვისტოთი თარიღდება და რომელშიც ის ვალდებულებებია გაწერილი, რომელიც კომპანიამ ლიცენზიისგან გათავისუფლების სანაცვლოდ მიიღო.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომპანიამ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში ხალას ანდეზიტები, ბაზალტები და ტუფობრექჩიები ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარედ შავი ზღვის აკვატორიაში მხოლოდ ხელოვნური ნახევარკუნძულის მოწყობის მიზნით უნდა მოიპოვოს და აქვე გაწერილია სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად კონკრეტული კოორდინატები.
წიაღისეულის ლიცენზიისგან გათავისუფლების სანაცვლოდ „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს გეოსაინფორმაციო პაკეტით განსაზღვრული პირობები უნდა შეასრულოს, თუმცა რა პირობები, პრემიერის განკარგულებაში დაკონკრეტებული არ არის.
კომპანიამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთ თვეში ლიცენზიისგან გათავისუფლების გამო სახელმწიფო ბიუჯეტში 121 739 ლარი უნდა გადაიხადოს და სასარგებლო წიაღისებულის მოპოვების ვადის გასვლიდან 2 კვირაში კი მოპოვებული ბუნებრივი რესურსის მოცულობების შესახებ სააგენტოს ინფორმაცია უნდა წარუდგინოს.
წიაღისეულის მოპოვების უფლების გაცემამდე, ზღვასთან ახლოს, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის გასწვრივ, 3445 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი აჭარის მთავრობამ შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ ხუთი წლის ვადით, საიჯარო წესით გადასცა. ნაკვეთის გასხვისების საფუძვლად საჯარო რეესტრის ამონაწერში ბათუმის საკრებულოს განკარგულებაა მითითებული, რომლის მიხედვით, აჭარის მთავრობას კომპანიისთვის მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი 1 ლარად უნდა გადაეცათ. არსებულ მიწის ნაკვეთზე კომპანია მოგრძო ფორმის ერთსართულიან შენობას აშენებს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის აჭარაში ხელოვნური კუნძულის „ბათუმი აილენდის“ მშენებლობის პროექტის 20% განხორციელებულია.
„დღეის მდგომარეობით, უკვე შექმნილია 20% ამ პროექტის. ეს გახლავთ დაახლოებით 15 ჰექტარი ახალი ტერიტორია, რითაც გაიზარდა ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრები.
იგეგმება, რომ უკვე რამდენიმე კვირაში თუ არა, რამდენიმე თვეში, წლის განმავლობაში დაიწყება პირველი მშენებლობა და ეს ინოვაციური მომავლის ქალაქი გახდება აბსოლუტურად ახდენილი რეალობა“, – აღნიშნა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
მათი ინფორმაციით, ეს იქნება რეგიონში პირველი ხელოვნური კუნძული, რომელიც 84 ჰა-ზე იქნება განთავსებული, საიდანაც სივრცის 49% რეკრეაციულ ზონას დაეთმობა.
კომპანიის ინფორმაციით, 84 ჰექტარზე განთავსებული კუნძული, ქალაქის განუყოფელი ნაწილი გახდება, სადაც ხელმისაწვდომი იქნება ყველაფერი, რაც უბნის/ქალაქის ეფექტიან ფუნქციონირებას ხელს შეუწყობს.
კომპანიის ინფორმაციით, კუნძულის არსებობა მნიშვნელოვნად შეამცირებს ქალაქის უბნებში მაღალსართულიან განაშენიანებაზე მოთხოვნას, მოსახლეობის გადანაწილება მოხდება კუნძულის ტერიტორიაზე. ეს ერთი მხრივ მნიშვნელოვანია ქალაქის ისტორიული უბნების იერსახის შენარჩუნებისთვის, მეორე მხრივ კი წყალმომარაგების სისტემებზე არ იქნება მაღალი ზეწოლა.
ამასთან, 2 ნახევარკუნძულსა და კუნძულზე დაგეგმილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა მიმზიდველი იქნება როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ვიზიტორებისათვის თუ ბიზნეს წრეებისათვის, რაც მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს აჭარის რეგიონსა და ქვეყანას. ამასთან, შესაძლებელი გახდება დაახლოებით 7 000 სამუშაო ადგილის შექმნა, რაც პირველ რიგში ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას გულისხმობს.