საქართველოში პირველი სახედრების ფერმის „სახე-დარი“ დამფუძნებლის, თემურ ლომიძის განცხადებით, მიწის ნაკვეთი, რომელზედაც ფერმა აქვს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ სააკაძეში მდებარეობს და ნებისმიერ დროს შეიძლება გაიყიდოს. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ისაუბრა.
მისი განმარტებით, იმის გამო, რომ მიწას გაყიდვის საფრთხე ემუქრება, ფერმა ვერ ვითარდება და გაასმაგებული მოთხოვნის მიუხედავად, ვირის რძის წარმადობაც ვერ იზრდება.
„მე მივაღწიე იმას, რომ ვირის რძეზე ხალხის ცნობადობა გაიზარდა, როგორც სამკურნალო საშუალებაზე. 2024 წელი ძალიან კარგად დასრულდა. თუმცა, 2025 წელს ვერაფერს ვაკეთებთ. საქმე ისაა, რომ ჩვენ მიწა სადაც აქამდე ვიყავით და ვართ, არ ყოფილა ჩვენ საკუთრებაში. მას ჩვენ ვქირაობდით და ახლა სადაც ვართ, ვქირაობთ. წლების წინ მე და ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძემ პროექტი შევიმუშავეთ, რომლის საშუალებითაც მიწა იჯარით ან 25 წლიანი საკუთრებით უნდა ამეღო, რომელიც მუხრანში მდებარეობდა და ის სახელმწიფო საკუთრებაში იყო. ქონების მართვის სააგენტომ აღნიშნული მიწა აუქციონზე გამოიტანა და რა თქმა უნდა, მე კონკურენციას ვერ გავუძელი.
იქ სადაც მე მაქვს ნაქირავები, სოფელ სააკაძეში, ავტობანი გავიდა. მეპატრონე ნაქირავებ ტერიტორიას ყიდის, რა გავაკეთო, სად წავიდე? რა სამომავლო გეგმებზე მაქვს საერთოდ საუბარი? მეპატრონემ შეიძლება ხვალ მიწა გაყიდოს. მე არ ვიცი რამდენ ხანს გამაჩერებს ეს ადამიანი“, – ამბობს მეწარმე.
მისივე თქმით, შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესმა გაამართლა, ცნობადობა გაიზარდა და ამ დროს ბიზნესი დაპაუზრდა, რადგან ფერმას რესურსი არ აქვს. არ აქვს ინფრასტრუქტურა, რომელსაც განავითარებს, რომ ადგილობრივი ბაზარი მაინც დააკმაყოფილოს და წარმადობა გაზარდოს.
„ვერ გავაგებინე [სახელმწიფოს], რომ ეს არის ერთადერთი სამკურნალო საშუალება. გერმანელი გიჟი არ არის 200 ევროს რომ იხდის ვირის რძეში.
არავინ არ კითხულობს ფერმას. ის კი არა სოფლის მეურნეობის სამინისტროში ის ვერ გაურკვევიათ ვირი რქოსანია თუ ჩლიქოსანი“ , – აცხადებს თემურ ლომიძე.
მისი განმარტებით, სანამ მეწარმეს საკუთარი მიწა არ ექნება, ის სამომავლო გეგმებზე, ექსპორტზე ან წარმადობის ზრდაზე ვერ საუბრობს.
შეგახსენებთ, ვირების ფერმა „სახე-დარი“ გარდაბნის რაიონის სოფელ სააკაძეში 20-30 ჰა ტერიტორიაზე მდებარეობს და 2016 წელს დაფუძნდა. მისი წლიური წარმადობა გასულ წელს 2.5 ტონა იყო. ფერში 120 სული პირუტყვი ბინადრობს.