აშშ-ის სენატის უმცირესობის ლიდერის, მიჩ მაკკონელის განცხადებით, მოელის, რომ სენატი მომავალ კვირაში განიხილავს ორპარტიულ შეთანხმებას უკრაინის დაფინანსებისა და საზღვრის უსაფრთხოების შესახებ.
”ჩემი ვარაუდით, ამ საკითხს სენატში მომავალ კვირას განვიხილავთ. ვიმედოვნებთ, რომ მივიღებთ სანდო სასაზღვრო პაკეტს“, – აღნიშნა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა.
თეთრ სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი „რესპუბლიკური“ და „დემოკრატიული“ ფრაქციების ლიდერებსა და წარმომადგენელთა პალატისა და სენატის შესაბამისი კომიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდა და უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების გადაუდებელ აუცილებლობაზე ესაუბრა. შეხვედრაზე პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ კონგრესის წარუმატებლობა, უკრაინისთვის დახმარების დამატებითი პაკეტი დაამტკიცოს, საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას, ნატო-ს ალიანსს და დანარჩენ თავისუფალ სამყაროს. შეგახსენებთ, ჯო ბაიდენი უკრაინისთვის დამატებით 61 მილიარდი აშშ დოლარის დაფინანსების გამოყოფას ითხოვს. უკრაინის დაფინანსების პროცესს კონგრესში „რესპუბლიკელების“ ნაწილი აფერხებს. ისინი პრეზიდენტის მოთხოვნის დამტკიცებას ფართომასშტაბიანი საიმიგრაციო რეფორმის განხორციელებას უკავშირებენ და მის პარამეტრებს „დემოკრატ“ კოლეგებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან განიხილავენ.