მიჩიგანის შტატში 27 თებერვალს ჩატარებულმა შიდაპარტიულმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ისრაელის მხარდაჭერის გამო, ამერიკის დემოკრატი პრეზიდენტის მომხრეთა რიცხვმა იქ შესამჩნევად იკლო. პრაიმერის დასრულების შემდეგ, ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო კამპანიამ და დემოკრატიული პარტიის მაღალჩინოსნებმა პირობა დადეს, რომ აუცილებლად გააორმაგებენ ძალისხმევას ყოფილ მომხრეთა გადასარწმუნებლად.
ღაზაში “ჰამასის” წინააღმდეგ ისრაელის მიერ წარმოებული, თითქმის ხუთთვიანი ომის შედეგად, მიჩიგანში თეთრი სახლის მოქმედ ადმინისტრაციას მოსალოდნელზე დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. პრაიმერამდე ერთი კვირით ადრე, შტატში აქტივისტები საპროტესტო აქციებს ინტენსიურად აწყობდნენ. ისინი მოუწოდებდნენ მოქალაქეებს, მიეთითებინათ ბიულეტენზე, რომ არ აპირებენ არჩევნებში აუცილებლად ჯო ბაიდენს დაუჭირონ მხარი.
კვლევითი ორგანიზაცია “ედისონ რისერჩის” მონაცემებით, კენჭისყრაზე მიჩიგანელ დემოკრატთა დაახლოებით 13.2%-მა განაცხადა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ ვის აძლევს ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე. ამ დრომდე დათვლილია ხმების დაახლოებით 85%. როგორც ირკვევა, 101 000-ზე მეტ დემოკრატს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცეს ხმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რაც მოსალოდნელზე ბევრად მეტია. აქტივისტები ამბობენ, რომ ესაა მითითება თეთრი სახლისთვის, რომ ისრაელ-“ჰამასის” ომში ამერიკის ადმინისტრაციის პოზიცია ბევრი ტრადიციულად დემოკრატი ამომრჩევლისთვის მიუღებელია და მათი ხმები გარანტირებულად არ უნდა მიიჩნიონ.
ამ მონაცემების მიუხედავად, ბაიდენის მხარდაჭერა შტატის დემოკრატებში მაინც მაღალია. წინასწარი მონაცემებით, ამერიკის პრეზიდენტს მომავალ არჩევნებზე მიჩიგანში რეგისტრირებულ დემოკრატ ამომრჩეველთა 81% უჭერს მხარს. შიდაპარტიულ არჩევნებზე აქტივობაც მაღალი იყო, კენჭისყრაზე სულ დაახლოებით 900 000 ამომრჩეველი გამოცხადდა.