საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
ადმინისტრაცია მიშელთან გამართული შეხვედრიდან კობახიძეს ციტირებს, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის ერთგულია და რომ ამ პროცესში პარტნიორების მხარდაჭერას და სამართლიან მიდგომებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
ამავე შეხვედრის შესახებ ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, ჟურნალისტებთანაც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, შარლ მიშელს უთხრა, რომ საქართველოში ოპოზიციას “სახალხო მხარდაჭერა არ აქვს”.
“შარლ მიშელთან მქონდა ძალიან მეგობრული, კონსტრუქციული საუბარი. მას აინტერესებდა, როგორ ვითარდება მოვლენები საქართველოში. ვუთხარი, რა მდგომარეობას არის დღეს საქართველოში. მათ შორის, ისიც ვუთხარი, რომ ოპოზიციას ძალიან უჭირს ადამიანების მობილიზება, ოპოზიციას არ აქვს სახალხო მხარდაჭერა. ასეთ პირობებში, ვფიქრობ, რომ მოვლენები ბევრად უფრო მარტივად წარიმართება, ვიდრე წარიმართა 4 წლის წინ. ოპოზიციას არაფრის რესურსი არ აქვს. ამ შემთხვევაში, იმაზე ბევრად ნაკლები რესურსი აქვს, ვიდრე ჰქონდა 4 წლის წინ”, – თქვა მან.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შესახებ რაიმე კომენტარი, ამ დროისთვის [23:09], საჯაროდ არ გაუვრცელებია.
გუშინ, 6 ნოემბერს, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტამდე ერთი დღით ადრე, სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებს, მათ შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ევროპას უნდა ჰქონდეს “მკაფიო და მდგრადი პოლიტიკა” საქართველოსთან მიმართებით.
“მთელი ევროპა ერთხმად ამბობს, რომ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ ხელში. პირველი გამოწვევა საქართველოა: ევროპას უნდა ჰქონდეს მკაფიო და მდგრადი პოლიტიკა და არ მიიღოს დემოკრატიისადმი რუსეთის მიერ მხარდაჭერილი გამოწვევები”, – თქვა მან.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია.
ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით.
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს პრეზიდენტიც და ოპოზიციონერი ლიდერებიც.