ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირს საკმარისი დრო და ვარიანტები აქვს მისი შემცვლელის ასარჩევად და უნგრეთის პრემიერ, ვიქტორ ორბანის კანდიდატურის თავიდან ასარიდებლად. მიშელმა, ბელგიის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, შაბათს განაცხადა, რომ გადაწყვიტა ივნისში ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს და თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვოს.
“მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ივნისში ჩემს შემცვლელზე გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, პარლამენტის გადაწყვეტილება კი ივლისში იქნება. ასე რომ, საბჭოსთვის ადვილია გადაწყვეტილების მიღება…თუ არსებობს პოლიტიკური ნება, ვიქტორ ორბანის თავიდან აცილებისთვის ბევრი ინსტრუმენტია”, – ამბობს მიშელი.
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობა ივლისიდან დეკემბრამდე პერიოდში, როტაციული წესით, უნგრეთზე გადადის. იმ შემთხვევაში, თუ საბჭო მიშელის შემცვლელს ვერ აირჩევს, სხდომებს ორბანი უხელმძღვანელებს. ის კი უკრაინის EU-სთან მოლაპარაკებების დაწყებასა და სხვა ინიციატივებს ეწინააღმდეგებოდა.