ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ბლოკისთვის გაფართოვება მშვიდობაში, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაში ინვესტიციას ნიშნავს. ეს განცხადება მან ბრიუსელში, საბჭოს ორდღიანი სამიტის მიწურულს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მიშელმა აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინაში ღრმად გარდაქმნა ევროკავშირი.
“ჩვენ გადავწყვიტეთ დავიწყოთ მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან და მივცეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს. ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ მოლაპარაკებების გახსნა ბოსნია და ჰერცეგოვინასთან.
ეს მკაფიო არჩევანია, რადგან ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ გაფართოება არის ინვესტიცია მშვიდობაში, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაში.
ეს არის ძალიან ძლიერი პოლიტიკური გზავნილი, რომელიც ჩვენ გავუგზავნეთ ჩვენს ევროპელ მოქალაქეებს, კანდიდატი ქვეყნების მოქალაქეებსა და დასავლეთს”, – განაცხადა შარლ მიშელმა.
14 დეკემბერს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ევროკომისიის მიერ 2023 წლის ნოემბერში გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე მხარი დაუჭირეს ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებას, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გასცა რეკომენდაცია, საქართველოს მინიჭებოდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. თუმცა ევროკომისიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო დათქმებით, რომ ქვეყანა ცხრა მიმართულებით გადადგამს ნაბიჯებს.
საქართველოსთვის განსაზღვრული ცხრა პირობიდან ნაწილი აგრძელებს 2022 წლის ივნისში ევროკომისიის მიერ გაცემულ 12 რეკომენდაციას, ზოგიერთი კი სრულიად ახალია.
ახალია დათქმა ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან ბრძოლაზე.
ევროკომისია ასევე ყურადღებას ამახვილებს საჭიროებაზე, რომ საქართველომ თავისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროკავშირისას დაუახლოოს.
ამჟამად ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის მაჩვენებელი დაახლოებით 43%-ია, როდესაც ორიოდე წლის წინ 60%-ს აჭარბებდა. გაცილებით მაღალია მოლდოვისა და უკრაინის მაჩვენებლები.