“მიყვარს სახლის საქმეს თვითონ რომ ვაკეთებ, დახმარებაზე უარს ვამბობ. მგონია, რომ ჩემნაირად ვერავინ დაალაგებს” – ნუკა კვალიაშვილი – Marao

ეკა კვალიაშვილის ქალიშვილი, მომღერალი ნუკა კვალიაშვილი სამი შვილის დედაა. სირთულე ბევრია, ბუნებრივია, რომ მისთვის გადაღლილობაც არ არის უცხო, მაგრამ როგორც ამბობს, ეს ყველაფერი სასიამოვნო დაღლას უკავშირდება.
„რომ ვთქვა, სამი შვილის დედობა ადვილია-მეთქი, ალბათ, ვისაც შვილები ჰყავს, გულიანად გაეცინება. რთულია, მაგრამ არსებობს განსხვავება სირთულეებს შორის, არის სასიამოვნო და არასასიამოვნო. ეს არის ყოველდღიურობა, როდესაც შენს მაქსიმუმს დებ დღის განმავლობაში და ძილის წინ ქვეცნობიერიდან თვითკმაყოფილების შეგრძნება გაქვს, რომ ყველაფერს კარგად გაართვი თავი. დაიღალე, გადაიწვი და შეიძლება, ფიზიკურ დაღლას ფსიქოლოგიურიც მოჰყვეს, მაგრამ მაქსიმუმი გააკეთე შენი შვილების კეთილდღეობისთვის.
ზოგადად, ბავშვების ყოლა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, რაც ძალიან დიდ ენერგიას, გამძლეობასა და მუშაობას მოითხოვს. ძალიან რთულია, მაგრამ რთული და ძალიან სასიამოვნოდ რთული განსხვავდება. მე მარტო არ ვარ, მე და ჩემი მეუღლე რაც საჭიროა, ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი შვილებისთვის. ვასწავლით, რომ ჰაერიდან არაფერი მოდის და ყველაფერს დამსახურება და შრომა სჭირდება, ანუ იმის თქმა მინდა, რომ განებივრებასაც თავისი ოქროს შუალედი აქვს.
დილიდან დაღამებამდე ჩემი რუტინა რომ ჩამოვწერო, იმდენ საქმეს ვაკეთებ კონკრეტულად სახლში, მაშინაც კი როდესაც სამსახური მაქვს, ერთი წიგნი ვერ დაიტევს. მიყვარს სახლის საქმეს თვითონ რომ ვაკეთებ, დახმარებაზე, გარდა ჭურჭლის გარეცხვისა, ძირითადად, უარს ვამბობ. მგონია, რომ ჩემნაირად ვერავინ დაალაგებს, ვერ გაფენს, ვერ დაკეცავს, ვერ გახეხავს და ასე შემდეგ. დილის 9 საათიდან ღამის 12 საათამდე, მთლიანობაში, 30 წუთი თუ გამომდის დაჯდომა და დასვენება, ისიც იმიტომ რომ ან სარეცხის მანქანას ველოდები, რომ დაასრულოს გაწურვა ან სხვა რამ ხდება, მაგალითად, წყალი წავიდა, შუქი გაითიშა და ასე შემდეგ.”
ნუკა კვალიაშვილი ცნობილი მომღერლის, ეკა კვალიაშვილის ქალიშვილია.
ეკა კვალიაშვილი სამჯერ იყო დაოჯახებული, მისი პირველი ქმარი თემო გვალია იყო. თემო და ეკა ბავშვობის მეგობრები იყვნენ და ოჯახიც საკმაოდ პატარა ასაკში შექმნეს. მათი ოჯახი მალე დაინგრა. ერთადერთი ქალიშვილი ეკას სწორედ ამ ქორწინებიდან ჰყავს. მამას შვილის აღზრდაში მონაწილეობა არ მიუღია.