განახლება: თამთა მიქელაძის თქმით, შსს-ს თანამშრომლებმა დაუდასტურეს, რომ აფგან სადიგოვი – ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) იურისტი თამთა მიქელაძე წერს, რომ თბილისში მცხოვრებ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს ამ დრომდე ვერ უკავშირდებიან.
აფგან სადიგოვი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტის აქტიური მონაწილეა.
თამთა მიქელაძე წერს, რომ ბოლო კომუნიკაციის დროს აფგან სადიგოვმა ცოლს უთხრა, რომ რუსთაველზე მიდიოდა.
“აფგან სადიგოვთან კონტაქტი გაწყდა დღეს საღამოს და ამ დრომდე ვერ ვუკავშირდებით.
კამერა, რომელიც მის სახლთან დავამონტაჟეთ, მაღალი ალბათობით გამორთული აღმოჩნდა იმ რამდენიმე წუთის განმავლობაში, რომელიც ემთხვევა მისი ბოლო კომუნიკაციის დროს მეუღლესთან, სადაც მან უთხრა, რომ რუსთაველზე მიდიოდა.
რუსთაველზე აფგან სადიგოვი, მაღალი ალბათობით, ვერ წავიდა, რადგან მისი თანხმლები პირი, ვისთან ერთადაც მეტროთი რუსთაველზე მიდიოდა ხოლმე, ამბობს, რომ დანიშნულ დროს აფგანი მასთან არ მივიდა. გამორთული კამერა მისი გასვლის ეპიზოდს არ აჩვენებს.
სახლის კარები ახლაც დაკეტილია და ვცდილობთ სიტუაციაში გარკვევას. გამოვიძახეთ პოლიციაც.
იმედი მაქვს, რომ აფგან მუხთარლის სცენარი არ ვითარდება ახლა და მისი გატაცების სპეცოპერაციაც არ დაიგეგმა”, – წერს თამთა მიქელაძე.
“დღეს ჩემი მეუღლე, აფგან სადიგოვი უნდა წასულიყო საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე, რომელიც უკვე 329 დღეა, გრძელდება.
თუმცა სახლიდან გასვლის შემდეგ მასთან დაკავშირება შეუძლებელი გახდა. გუშინ და წინა დღეს აფგანმა შემატყობინა, რომ მას უთვალთვალებდნენ.
როგორც ჩანს, ეს არის კიდევ ერთი პოლიტიკური რეპრესია ილჰამ ალიევისა და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმების მხრიდან”, – დაწერა მან.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი 3 აგვისტოს თბილისში დააკავეს. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანთან შემდგომი ექსტრადირების მიზნით დააკავა.
27 თებერვალს ადმიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა და საქართველოს ხელისუფლებას აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადირება აუკრძალა. 2025 წლის 16 აპრილს აფგან სადიგოვს საექსტრადაციო პატიმრობა გირაოთი შეეფარდა.