მიქელანჯელოს ფერწერული ტილო, სახელწოდებით Manchester Madonna, ნამდვილად შთამბეჭდავია — მასში რენესანსის ეპოქის ოსტატის მთელი მხატვრული გენიალურობა ჩანს. უბრალოდ, ხელოვანს ბოლომდე „არ დაუსრულებია“ ნამუშევარი. შეიძლება, ასეც ჰქონდა განზრახული, თუკი მის მიერ შექმნილ მონების სკულპტურებს გავიხსენებთ, მაგრამ საბოლოოდ მაინც დაუსრულებლად მიიჩნევა. ცენტრალური ფიგურების სახეები დელიკატურად არის გადმოცემული, ხოლო ტილოს დიდი ნაწილი არასრულია — ფონი და ფიგურები სილუეტურ მონახაზებადაა წარმოდგენილი.
ახლა კი პოპ-არტის სტილის მხატვარმა, ფილიპ კოლბერმა, აღნიშნული ნამუშევრის დასრულება განიზრახა. კერძოდ, სმარტფონების მწარმოებელმა კომპანია OnePlus-მა მას დაავალა, თანამედროვე ჭრილში გადაეაზრებინა მიქელანჯელოს ტილო. შედეგად, კოლბერმა რენესანსსა და ციფრულ ეპოქას შორის არსებული უფსკრული, ცოტა არ იყოს, ირონიული გზით გადალახა. ტრადიციულ ვიზუალს მკვეთრი ფერები და ემოჯები დაამატა, რამაც სურათს თანამედროვე კოლაჟის სახე მისცა. ამასთანავე, კომპოზიციაში შემოიყვანა ანიმაციური პერსონაჟები. როგორც თავად აღნიშნავს, კლასიკური ხელოვნებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბუნებრივი ნაზავის მიღება სურდა…
„ნამდვილად დიდი პატივია მიქელანჯელოს საკულტო ნამუშევრისთვის ახალი სიცოცხლის მიცემა. ეს თანამშრომლობა წარმოადგენს ხელოვნების, ტექნოლოგიის, ისტორიის კონვერგენციას“. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო კომპოზიცია სრულიად შეუსაბამოა ორიგინალთან, პოპ-არტს ზოგადად ახასიათებს მსგავსი გადააზრებები. შეიძლება, ბევრმა ძალიან კრიტიკულადაც შეაფასოს, ობიექტურად თუ სუბიექტურად დაიწუნოს, მაგრამ ეს უბრალოდ მორიგი მცდელობაა, კლასიკური ნიმუში პოპ-არტის საგნად აქციონ.