მიქაუტაძის 2024 – ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი, შერწყმა “ლიონთან” და დიდი პერსპექტივები ჩერკისთან…

24 წლის გიორგი მიქაიტაძეს გამორჩეული 2024 წელი ჰქონდა. ის ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი გახდა, სადაც საქართველოს ნაკრებისთვის პირველი გოლიც გაიტანა. რაც შეეხება საკლუბო დონეს, ცოტა რთული დასაწყისის მიუხედავად, ქართველი თავდამსხმელი “ლიონს” იდეალურად მოერგო. კარგად გამოჩნდა, მისთვის ნდობას რამხელა მნიშვნელობა აქვს…
სეზონის დასაწყისში ბევრს ეგონა, “მონაკო” უკეთესი არჩევანი იქნებოდა, თუმცა პერსპექტივაში უფრო ძლიერ გუნდს ვიღებთ, სადაც თამაში “ჟორჟს” ბავშობიდან სურდა. 21 წლის რაიან ჩერკისთან მიქაუტაძე მშვენივრად შეთამაშდა, ფოფანა კი გუნდს სათადარიგოთა სკამიდან სერიოზულად აძლიერებს. იმედია, ლაკაზეტის ავტორიტეტის მიუხედავად, გიორგი კიდევ უფრო მეტ
დროს მიიღებს.
ჩვენ კიდევ ერთხელ გთავაზობთ ივლისში გამოქვეყნებულ სტატიას, რათა კარგად გავიხსენოთ ის ვითარება, რაც მაშინ იყო შექმნილი…
გიორგი მიქაუტაძის “მონაკოში” გადასვლა გადაწყვეტილი კი გვეგონა, ამის შესახებ ფაბრიციო რომანომაც დაწერა, რომელიც მაღალი რეპუტაციით სარგებლობს, თუმცა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს ახლა “ლიონში” ველით, იქ, სადაც იწყებდა და გუნდი, რომელსაც მისი გოლის აღნიშვნა უნდა უკავშირდებოდეს – “შორიდან დამაკვირდით”. იქნებ გიორგისთვის მშობლიურ და ნაცნობ გარემოს იმხელა მნიშვნელობა აქვს, გადაწყვეტილების მიღება ამან გაუმარტივა…
გიორგი მიქაუტაძე 2000 წელს ლიონში დაიბადა. საქართველოში არსებული მძიმე ვითარების გამო მისი მშობლები მანამდე ემიგრანტები გახდნენ. სამშობლოში ისინი მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდიოდნენ, თუმცა გიორგის ქართულ ენას ასწავლიდნენ.
მიქაუტაძემ თამაში 2007 წელს, “ჟერლანდში” დაიწყო, ლიონის სამხრეთით, ამავე ქალაქის მთავარი კლუბის ჩრდილქვეშ. “ლიონის” სკაუტებს მისი თამაში არ გამოჰპარვიათ. მან აქ 7 წელი დაჰყო, თუმცა, საბოლოოდ, გზები გაიყარა.
2015 წელს ლიონის გარეუბან სენტ-პრისტში მოლაპარაკება შედგა და გიორგი “მეცის” ფეხბურთელი გახდა. დამწუხრებულმა “ჟორჟმა” მშობლიური მხარიდან 460 კილომეტრში გადაინაცვლა. ჯერ ეს კიდევ ყველაფერი არ იყო და ის მალე ბელგიაში გაუშვეს. ლიეჟის გარეუბან “სერენში” იჯარის შემდეგ “ცხრიანმა” ყველას აჩვენა, თუ რა კარგად იცის გოლების გატანა. ამის შემდეგ მასზე საქართველოშიც ალაპარაკდნენ და ნაკრებშიც მოიწვიეს. იქაური ბომბარდირობის შემდეგ “მეცშიც” დაიბრუნეს…
მიქაუტაძემ საქართველოს ნაკრებში კარგად დაიწყო. სადებიუტო გოლი ოთარ კიტეიშვილის კარგი პასის შემდეგ რუმინეთს გაუტანა. თავდაპირველად, ვილი სანიოლის სათამაშო სტილს ვერ მოერგო, გარკვეული პრობლემები გუნდში კომუნიკაციასა და ენობრივ ბარიერშიც იყო. ერთხელ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა გიორგი შეკრებაზე არ მიიწვია და გარკვეულ გაუგებრობაზეც ალაპარაკდნენ. საქართველოს ნაკრების სათამაშო სქემის შეცვლის შემდეგ მიქაუტაძე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი გახდა. მის ანგარიშზე შესრულებული პოკერია, რომელიც მანამდე “ჯვაროსნებში” ვერავინ მოახერხა. ამას ევროპის ჩემპიონატზე “ოქროს ბუცი” დაემატა.
ამასობაში, გიორგის კვლავ საკლუბო ქაოსი ჰქონდა, “აიაქსში” სარფიანად გადავიდა, თუმცა იქ ან არ ათამაშებდნენ, ან – მისთვის უცნაურ პოზიციაზე. საბოლოოდ, “მეცში” დაბრუნდა, გუნდი მხრებით ათრია, მაგრამ გავარდნას მაინც ვერ გადაარჩინა…
საფრანგეთში ახლა პსჟ-ის დომინაციას კი ვხედავთ, თუმცა ცოტა ხნის წინ აქ “ლიონი” იგებდა. “გრუპამა სთედიუმის” (59 186 მაყურებელი) ბინადრების ძლიერების პიკი 2002-2008 წლებში იყო, როდესაც კლუბი ზედიზედ 7-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, მადრიდის “რეალს” კი ჩემპიონთა ლიგიდან მუდამ იშორებდა. ჟუნინიო პერნამბუკანოს დაუვიწყარი ჯარიმები ყველას ახსოვს…
ბოლო წლებში ეს ის “ლიონი” აღარაა, რომელსაც შევეჩვიეთ. გასული სეზონის დასაწყისში გასავარდნ ზონაში ტრიალებდა, ბოლოს კი სასწაული შეძლო და ევროპა ლიგაზე გავიდა. ფაბიო გროსოს ცუდად დაწყებული საქმე პიერ საჟიმ ნოემბრის ბოლოდან მშვენივრად გააგრძელა. ისე, აქ ბევრი სახელოვანი მწვრთნელი მოღვაწეობდა – ლორან ბლანი, პიტერ ბოში, რუდი გარსია, რემი გარდე, კლოდ პუელი, ბერნანდ ლაკომბი, ჟან ტიგანა, რაიმონ დომენეკი…
“ლიონმა” პერსპექტიული ბრაზილიელი მეკარე პერი შეიძინა, ვინც დონეს აშკარად ამტკიცებს.
ლიონელთა დაცვის ხაზში გამოცდილი ფეხბურთელებია. აქაა არგენტინის ნაკრების მარცხენაფლანგელი ნიკოლას ტალიაფიკო, ამ ზაფხულს კი “ნოტინგემიდან” მუსა ნიახატეც შეუერთდათ…
გუნდშია 35 წლის ნახევარმცველი, სერბი ნემანია მატიჩი. აქვეა ერთ დროს საფრანგეთის ნაკრებისა და “ბაიერნის” წევრი, 29 წლის სორენტინ ტოლისო. ის მსოფლიო ჩემპიონია და დეშამი საკმაო დროს აძლევდა; მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა.
რაც შეეხება შეტევასა და მიქაუტაძის კონკურენტებს, “ლიონის” მთავარი დამტყმელი ძალა აქამდე 33 წლის ალექსანდრ ლაკაზეტი იყო. მან გუნდთან ხელშეკრულება კი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს. ლიონელთა კიდევ ერთი შემტევი, 20 წლის რაიან ჩერკიც იქნება. მისი სატრანსფერო ფასი 25 მილიონი ევროა და დორტმუნდის “ბორუსიას” ინტერესის სფეროშია.
“ოლიმპიკის” მარცხენა ფლანგიდან ბელგიელი მალიკ ფოფანა უტევს. 21 წლის ნიგერიელი ფორვარდი გიფტ ორბანი ამბიციურია…
ფაქტია, მიქაუტაძეს შეუძლია გუნდის მთავარი შემტევი გახდეს. მას აუტსაიდერ “მეცთან” ერთად 14 გოლი და 4 შედეგიანი პასი ჰქონდა. აქვე გეტყვით, ლაკაზეტმა გასულ სეზონში 19 გოლი გაიტანა (2 საგოლე პასი). მნიშვნელოვანია, რომ ორივე ეს ფეხბურთელი საკუთარი გუნდის მთავარი პენალტისტი იყო. ასე რომ, კონკურენცია ამ მხრივაც იქნება. სავსებით შესაძლებელია, ორფორვარდიანი ტაქტიკა ვიხილოთ.
ევროპის ჩემპიონატის დროს გიორგი მიქაუტაძის სახალისო და პოზიტიური ვიდეო გავრცელდა, საიდანაც ფრაზას ყველა სიყვარულით იხსენიებს – “მიყვარს ბომბარდირი”. მართლაც, გვიყვარს გიორგი და გვინდა, მისი საკლუბო არჩევანი ბოლომდე გამართლებული იყოს!..
რამდენი კომენტარია ? მეტი საქმე არ გაქვთ ამ ფრანგისთვის ესე რომ ირჯებით? სადაც უნდა იქ წასულა . სალომეც ფრანგია და რას აკეთებს ქვეყნისთვის ? ან მაგან რა უნდა გააკეთოს ?
წაკითხულის გააზრებისგან განსხვავებით იუმორში არასოდეს გვქონდა პრობლემა და ახლა ვატყობ აქაც სერიოზული პრობლემაა, მაინდამაინც დდდდდდდდ-უნდა მივაწერო რომ მიხვდეთ, რომ ვხუმრობ?