მიქაუტაძის „ლიონი“ ფინანსური პრობლემების გამო საფრანგეთის ლიგა 2-ში დააქვეითეს

გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ ფინანსური პრობლემების გამო საფრანგეთის ლიგა 2-ში დაქვეითდა. გადაწყვეტილება საფრანგეთის პროფესიული ფეხბურთის კლუბების ანგარიშებზე ზედამხედველობის ორგანომ (DNCG) მიიღო, კლუბს გასაჩივრების უფლება აქვს – ინფორმაციას „ეკიპი“ ავრცელებს.
„მას შემდეგ, რაც DNCG-მ კლუბის ფინანსური მდგომარეობა განიხილა, „ლიონის“ ლიგა 2-ში დაქვეითების გადაწყვეტილება მიიღო. კონტროლისა და მონიტორინგის ეროვნულმა ორგანომ სხდომაზე კლუბის პრეზიდენტს, ჯონ ტექსტორსა და სპორტულ დირექტორს, მაიკლ გერლინგერს მოუსმინა, მაგრამ გადაწყვეტილება არ შეიცვალა და „ლიონი“ მეორე ლიგაში დააქვეითეს.
ასეთი მკაცრი ვერდიქტის მიზეზი ფინანსური გარანტიების არარსებობა და 175 მილიონი ევროს დავალიანება გახდა. მართალია, რამდენიმე დღით ადრე „ლიონის“ მფლობელმა „ეკიპთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში სხვადასხვა ინვესტიცია განახორციელეს და ახლა ფინანსურად ყველაფერი რიგზეა, მაგრამ, როგორც ჩანს, ვითარება უფრო რთულადაა, ვიდრე ტექსტორი ამტკიცებს“, – წერს „ეკიპი“.