ლა ლიგის მეოთხე ტურში „ვილიარეალი“ გასვლაზე „ატლეტიკოსთან“ 0:2 დამარცხდა.
სტუმართა გუნდის მწვრთნელმა მარსელინიომ ახალწვეული გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში დააყენა. მატჩი კი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს, დებიუტში ბარიოსმა დააწინაურა და ძალიან სანახაობრივი თამაში წავიდა. „ატლეტიკოს“ მეორე გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ სიმეონემ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ უწია მიზანს, შემდეგ ორი შანსი „ვილიარეალს“ მიეცა და ორივე მოლეირომ ხელიდან გაუშვა. მერე სწრაფი კონტრშეტევისას მიქაუტაძეს ალვარესმა მაისურზე მოქაჩა და ყვითელი ბარათი მიიღო. ბოლოს საჯარიმოდან პეპეს დარტყმული ბურთი ობლაკის კარის ხარიხას მოხვდა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.
შესვენების შემდეგ „როხიბლანკოს“ უპირატესობა თავურით გონსალესმა განამტკიცა. გიორგი 79-ე წუთზე შეცვალეს და აშკარაა, ახალ პარტნიორებთან შეთამაშება სჭირდება, რაც მხოლოდ დროის საკითხია. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და მასპინძლებმა გამარჯვება მოიპოვეს.
„ვილიარეალი“ ამ მომენტისთვის 7 ქულით მეოთხე ადგილზეა და შემდეგ მატჩს 16 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, ლონდონში „ტოტენჰემთან“ გამართავს.
ატლეტიკო – ვილიარეალი 2:0
გოლები: 1:0 ბარიოსი (9), 2:0 გონსალესი (52)
