საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-15 ტურში გიორგი მიქაუტაძის “ლიონი” გასვლაზე პსჟ-ისთან 1:3 დამარცხდა. სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლი მე-40 წუთზე ქართველმა გაიტანა, რასაც პარიზელთა კიპერ ჯანლუიჯი დონარუმასთან მცირე კონფლიქტი მოჰყვა.
ჩვენებურმა გოლის გატანის შემდეგ იტალიელ მეკარეს შეხედა და გაეცინა, რაც დონარუმამ ცუდად მიიღო და მიქაუტაძე ხელით წააქცია.
საბოლოოდ, მსაჯმა ორივე მათგანს ყვითელი ბარათი უჩვენა. პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ კი მიქაუტაძემ მართლაც დასაფასებელი საქციელი ჩაიდინა. ის დონარუმასთან მივიდა და ფრანგული მედია წერს, რომ ბოდიში მოუხადა და ინციდენტის ამოწურვას შეეცადა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ფრანგი
ჟურნალისტები ქართველს ინციდენტის შესახებაც დაეკითხნენ, თუმცა გიორგის სიტყვებიდან ირკვევა, რომ ეს მცირე კონფლიქტი ამოწურულია.
“არაფერია. გამეცინა და მან ეს ცოტათი ცუდად მიიღო. დონარუმასთან მივედი და ვუთხარი, რომ მისთვის ბურთის თავზე გადაგდებით ბედნიერი ვიყავი”, – თქვა მიქაუტაძემ.
შეხსენებისთვის, მიქაუტაძემ მოედანზე 66 წუთი გაატარა და შემდეგ ის ალექსანდრ ლაკაზეტმა შეცვალა. ლიგა 1-ის 15 შეხვედრაში ჩვენებურის ანგარიშზე 4 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემა მოდის. ევროპა ლიგის 5 მატჩში კი მეტოქეთა კარი ორჯერ აიღო.