მიქანაძის თხოვნა, დღის წესრიგიდან ამოეღოთ დებატები საქართველოზე, PACE-მა არ დააკმაყოფილა

24 ივნისს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას (PACE) ქართული ოცნების დეპუტატმა გივი მიქანაძემ თხოვნით მიმართა, გაეუქმებინა დებატები საქართველოსთან დაკავშირებით და საკითხი დღის წესრიგიდან ამოეღო. ასამბლეამ მიქანაძის თხოვნა არ დააკმაყოფილა. დებატების გამართვას PACE-მა, 92 წევრი 17-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა.
“საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ გადაუდებელი დებატების ჩატარებასთან დაკავშირებით, მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ 4 თვეში, ოქტომბრის ბოლოს საქართველოში საპარლამენტო ჩატარდება. შესაბამისად, ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, ქვეყანა წინასაარჩევნო პერიოდშია. დებატებმა შესაძლოა ხელი შეუშალოს არსებულ სიტუაციას, ამიტომ მინდა, გთხოვოთ, ამოიღოთ საკითხი დღის წესრიგიდან”. – მიმართა გივი მიქანაძემ ასამბლეის წევრებს.
უკრაინელმა პოლიტიკოსმა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უკრაინული დელეგაციის წევრმა ოლექსი გონჩარენკომ ოცნების დეპუტატის გამოსვლაზე კომენტარი გააკეთა და ასამბლეას დებატების ჩატარებისკენ მოუწოდა.
“ძვირფასო კოლეგებო, ეს ჩვენი ასამბლეის გადაწყვეტილება არ იყო, როდესაც საქართველოს მთავრობამ და საქართველოს პარლამენტმა არჩევნებამდე 6 თვით ადრე მიიღო კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ევროსაბჭოს ღირებულებებს. ჩვენ არ შეგვიძლია არ მოვახდინოთ ამაზე რეაგირება. ამიტომ მოგიწოდებთ, გამართოთ დებატები საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, რადგან [რაც ახლა ხდება] ძალიან სახიფათოა საქართველოს დემოკრატიისთვის”. – თქვა გონჩარენკომ.
დებატები საქართველოსთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ხუთშაბათს, 27 ივნისს ჩანიშნა.