მიქანაძე ფერაძეზე: გადაწყვეტილება მიღებულია იმ ფარგლებში, რაც კანონით არის განსაზღვრული

მოსამართლემ იმსჯელა იმის თაობაზე, თუ რა ქმედების შემცველი იყო ეს ყველაფერი, ეს კანონის ფარგლებში ჯდება და აქ პრობლემას ვერ ვხედავ. უფრო მეტიც, საგაზაფხულო სესიაზე გვექნება ინიციატივა იმის თაობაზე, რომ მსგავსი ქმედებების კუთხით გავამკაცროთ პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან ეს არის სიწმინდეებზე, ჩვენს რელიგიურ მრწამსზე, ღირებულებებზე მიზანმიმართული შეტევა. აქედან გამომდინარე, მე ვერ შევალ გადაწყვეტილების კონტექსტში, რაც მოსამართლემ მიიღო კონკრეტულ საკითხზე. თუმცა, დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ მოსამართლე მიიღებდა გადაწყვეტილებას კონკრეტული საქმიდან, იმ მხილებებიდან, მტკიცებულებებიდან და გარემოებებიდან გამომდინარე, რაც ამ საქმესთან იყო დაკავშირებული და რაც მთავარია, ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმ ფარგლებში, რაც კანონით არის განსაზღვრული.
ჩვენ ვაშენებთ კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ ქვეყანას. კანონები, რაც ქვეყანაში მოქმედებს, აღიარებულია საერთაშორისო დონეზეც, რომ შესაბამისობაშია საერთაშორისოდ აღიარებულ პრაქტიკასთან.
თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, გივი მიქანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
აქტივისტ ნატა ფერაძეს სასამართლომ, რუსი წმინდანის, მატრონა მოსკოველის სტალინის გამოსახულებიანი ხატისთვის საღებავის შესხმისთვის, 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში დაუდასტურეს. სწორედ ეს ორგანიზაცია იცავდა ფერაძის ინტერესებს.