ქართული ოცნების დეპუტატი, გივი მიქანაძე სამების ტაძარში დასვენებულ სტალინის გამოსახულებიანი, მატრონა მოსკოველის ხატის გარშემო მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. მიქანაძის თქმით, ქართულ ეკლესიაზე იმის თქმა, რომ ისინი პრორუსულები არიან, მიუღებელი და დასაგმობია.
“ის განცხადებები, რაც ოპოზიციის მხრიდან კეთდება, მართლაც შემაშფოთებელია. როცა ეკლესიას, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღდგენაზე არა მარტო განცხადებებს აკეთებდა, არამედ კონკრეტულ ნაბიჯებს დგამდა – მათთვის იმის დაბრალება, რომ ისინი პრორუსულები არიან, ძალიან მიუღებელი და დასაგმობია – წარმოუდგენელი ბრალდებაა.
მიზანმიმართული კამპანია, რომელიც, განსაკუთრებით, შობიდან მოყოლებული არის აგორებული, საზოგადოების გახლეჩასა და რადიკალიზაციის პროცესების ხელშეწყობას ემსახურება. ამ პროცესების უკან ვინ დგას, ცალსახად თვალნათელია – რა მიზნებს ემსახურება, ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს. ჩვენ ყველა კანონზომიერ ნაბიჯს გადავდგამთ იმისთვის, რომ ეს ღონისძიებები მაქსიმალურად აღვკვეთოთ”. – თქვა მიქანაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
9 იანვარს, Facebook-ზე სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რუსი წმინდანის ხატს ლურჯი საღებავი აქვს შესხმული. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ხატზე არსებული იოსებ სტალინის გამოსახულებაა. ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალწარმოება დაიწყო, ქართულმა ოცნებამ კი, კანონის გამკაცრება დააანონსა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონა მოსკოველის ხატია, 6 იანვარს, სოციალურ ქსელში გავრცელდა. საკითხთან დაკავშირებით ტაბულასთან კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ და თქვა, რომ ხატზე იოსებ სტალინის გამოსახულების თემა შობის დღესასწაულის გადასაფარად წამოწიეს.
სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურის, არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილის ინფორმაციით, მატრონა მოსკოველის ხატი უკვე რამდენიმე თვეა სამებაშია.
საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა თქვა, რომ ხატი სამების საკათედრო ტაძარს მან შესწირა და “ხატზე გამოხატვა სტალინის, არც დანაშაულია, არც არავითარ ნეგატიურ მნიშვნელობას არ ატარებს”. ამ საკითხთან დაკავშირებით პარტიის გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმაც გააკეთა კომენტარი. მისი ვიდეომიმართვიდან ვიგებთ, რომ დავით თარხან-მოურავთან ერთად ის ერთ-ერთია, ვინც სტალინის გამოსახულებიანი ხატი სამებას შესწირა.