„მიფიქრია, მანტიით ჩამოვიკიდავ თავს სასამართლოზე-მეთქი“ – რას ჰყვება უზენაესის ექს-მოსამართლე ზეწოლაზე

„ბევრჯერ მიფიქრია, უზენაესი სასამართლოს გარე ფასადზე ავალ და მოსამართლის მანტიით ჩამოვიკიდებ თავს-მეთქი. ასე საჯაროდ დაინახონ ადამიანებმა, რომ მოსამართლემ თავი მოიკლა და ამით ყველა მიხვდება სასამართლოში რა სიტუაციაა, ისეთი ზეწოლის და სტრესის ქვეშ ვიყავი“, – ამბობს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე.

ექს-მოსამართლის ვიდეო ჩანაწერს იურისტი კახა წიქარიშვილი აქვეყნებს. უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე რამდენიმე გახმაურებული საქმის შესახებ ჰყვება, მათ შორის, „რუსთავი 2-ის საქმე“, მეტალურგიული ქარხნის დავა ჯოზეფ ქეისა და პატარკაციშვილების ოჯახს შორის… მოსამართლე ამბობს, რომ ამ და სხვა საქმეების გამო მას სუიციდის მცდელობა ჰქონდა, კოლეგიის სხვა მოსამართლეებთან ერთად სამუშაო კაბინეტშიც ჩაკეტეს და უმიზეზოდ ქირურგიული ოპერაციაც ჩაატარებინეს.

მოსამართლე ბესარიონ ალავიძე ამბობს, რომ მას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები სთავაზობდნენ ქრთამს, მაგალითად, „რუსთავი 2-ის საქმეზე“ და მიუღია მუქარაც. „რუსთავი 2-ის საქმეზე“ მუქარის კუთხით ექს-მოსამართლე მედიასთან წინა წლებშიც საუბრობდა.

ვიდეო ჩანაწერი, რაც დღეს, 2025 წლის 2 ოქტომბერს იურისტმა კახა წიქარიშვილმა გაასაჯაროვა, 3 წლის წინ არის ჩაწერილი. წიქარიშვილის თქმით, მან ამ ვიდეოს გასაჯაროების გადაწყვეტილება ბესარიონ ალავიძესთან შეთანხმებით მას შემდეგ მიიღო, როცა ყოფილმა მოსამართლემ საქართველო დატოვა.

„ვინც იკითხავთ, რატომ მაინცდამაინც ს წინ, ოკ. შეიძლებოდა მერეც მექნა, მაგრამ მე მგონია, ახლა არის დრო, როცა ყველა სიმართლემ უნდა იყვიროს“, – წერს ფეისბუქში კახა წიქარიშვილი.

ვრცლად