,,მიუხედავად ყველაფრისა, ქვეყანამ აუცილებლად უნდა გააგრძელოს ინტეგრაციის პროცესში მონაწილეობა”- დავით ასათიანი

,,ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში განცხადებით ეხმაურება. დავით ასათიანი წერს, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის 4 წლით გადავადება მძიმე გადაწყვეტილებაა. მისივე განცხადებით, ქვეყანამ აუცილებლად უნდა გააგრძელოს ინტეგრაციის პროცესი ემოციების გარეშე, პრაგმატულად და ცივი გონებით.
,,ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის 4 წლით გადავადება მძიმე გადაწყვეტილებაა. ევროპის პარლამენტის რეზოლუციის (რაც არ უნდა უსამართლო და მიკერძოებული იყოს იგი) პასუხად ევროკავშირის აღმასრულებელ ინსტიტუტებთან კომუნიკაციის დაპაუზება, ნაცვალგების პრინციპზე დაფუძნებულ პოლიტიკად უფრო აღიქმება და არ მგონია რომ გამართლებულია.
ვისაც რაიმე შეხება ჰქონია ინტეგრაციულ საკითხებთან და ევროპულ ინსტიტუტებთან ურთიერთობის მცირე გამოცდილება მაინც გააჩნია, მისთვის ცხადია, რომ ევროპული პოლიტიკა რთული და მრავალწახნაგიანი პროცესია. ამ ორბიტაზე წარმოდგენილია სხვადასხვა ევროპული ქვეყნის საგარეო ინტერესები, ევროკავშირის ბიუროკრატია, განსხვავებული იდეოლოგიის პოლიტიკური ჯგუფები, პროფესიული გაერთიანებები და ა.შ.
გაგიკვირდებათ, და ამ გზაზე შეხვდები არაერთ ევროსკეპტიკოსს, გაფართოების ძლიერ მოწინააღმდეგეს, იდეოლოგიურად ანგაჟირებულ და უბრალოდ, პოპულისტ პოლიტიკოსს. თუმცა მიმაჩნია, რომ ეს არ უნდა გახდეს ჩვენი იმედგაცრუების მიზეზი, ესაა ბუნებრივი მოცემულობა ამ გეოპოლიტიკურად არეულ სამყაროში.
ამიტომ, მიუხედავად ყველაფრისა, ქვეყანამ აუცილებლად უნდა გააგრძელოს ინტეგრაციის პროცესში მონაწილეობა, უნდა გააგრძელოს ემოციების გარეშე, პრაგმატულად და ცივი გონებით, გააგრძელოს მანამ სანამ თუნდაც 1% შანსი მაინც არსებობს წარმატების.
მტკიცედ საქართველო’’- წერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი.

ასევე დაგაინტერესებთ