„მიუხედავად საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმისა, რომელთა მიზანია 2025 წლის ბოლომდე მსხვერპლის 25%-ით შემცირება, გზებზე დაღუპულთა რიცხვი იზრდება“ – „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“

„მიუხედავად საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმისა, რომელთა მიზანია 2025 წლის ბოლომდე მსხვერპლის 25%-ით შემცირება, გზებზე დაღუპულთა რიცხვი იზრდება“ – „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“
მიუხედავად საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმისა, რომელთა მიზანია 2025 წლის ბოლომდე მსხვერპლის 25%-ით შემცირება, გზებზე დაღუპულთა რიცხვი იზრდება, – ამის შესახებ ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით (info.police.ge) მომზადებული 2025 -2024 წლის იანვარ-ივნისის საგზაო შემთხვევათა ანალიზის მიხედვით, 2025 წელს წინა წელთან შედარებით შემთხვევები გაიზარდა 12.4%-ით, დაშავებულთა რაოდენობა – 13.7%-ით, ხოლო ლეტალობა – 20.7%-ით.
„2025 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 2,860 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც 3,816 ადამიანი დაშავდა (აქედან 910 ქვეითი) და 216 დაიღუპა (აქედან 79 ქვეითი). 2024 წლის იანვარ-ივნისში 2,544 შემთხვევა მოხდა, დაშავდა 3,356 ადამიანი, ხოლო დაიღუპა 179 პირი.
2025 წელს წინა წელთან შედარებით შემთხვევები გაიზარდა 12.4%-ით, დაშავებულთა რაოდენობა – 13.7%-ით, ხოლო ლეტალობა – 20.7%-ით. საგზაო შემთხვევათა გამომწვევი წამყვანი მიზეზებია: შემხვედრ ზოლში გადასვლა და გასწრების წესების დარღვევა, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება და მოხვევის დროს არასწორი მანევრირება. ბოლო მონაცემები გვაჩვენებს, რომ მიუხედავად საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმისა, რომელთა მიზანია 2025 წლის ბოლომდე მსხვერპლის 25%-ით შემცირება, გზებზე დაღუპულთა რიცხვი იზრდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი აცხადებს, საგზაო უსაფრთხოების ასამაღლებლად მნიშვნელოვანია სამოქმედო გეგმის თანმიმდევრულად განხორციელება.
„საგზაო უსაფრთხოების ასამაღლებლად მნიშვნელოვანია სამოქმედო გეგმის თანმიმდევრულად განხორციელება, რათა ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა ქულათა სისტემის ეფექტური აღსრულება კამერების მეშვეობით, საბავშვო სამგზავრო სავარძლების და უკანა ღვედების სავალდებულო გამოყენება, უსაფრთხო ზონების მოწყობა სკოლებთან, სიჩქარის ლიმიტების გადახედვა ქალაქის გზებზე და სხვა, ეფექტურად და დროულად განხორციელდეს. „უსაფრთხო სისტემის“ მიდგომა, რომელიც ევროპული საუკეთესო პრაქტიკიდან მომდინარეობს და გლობალურად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის რეკომენდებული, საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის საფუძველიცაა. ეს მიდგომა გულისხმობს, რომ გზებზე ადამიანი უნდა იყოს დაცული. სისტემამ – ინფრასტრუქტურამ, ტრანსპორტმა, საკანონმდებლო და აღმასრულებელმა მექანიზმებმა უნდა დაიცვას ადამიანი მძიმე დაზიანებისა და ლეტალური შედეგისგან, თუნდაც შეცდომის დაშვების შემთხვევაში. ამ მოდელით ფინეთმა მოახერხა უპრეცედენტო შედეგის მიღწევა: 2024 წელს ჰელსინკში გზებზე არც ერთი ადამიანი არ დაღუპულა. ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ „უსაფრთხო სისტემის“ თანმიმდევრული განხორციელებით ნულოვანი მსხვერპლი რეალისტური და მიღწევადია“, – განაცხადა „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა.