ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია „ჯერარასდროს“ ქართული კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს.
კომპანიის დამფუძნებლის, ვახო ჭინჭარაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საახალწლო სოფელში მონაწილეობაზე უარი თქვეს, საახალწლოდ მათი გაყიდვები გასამმაგებულია და რომ არა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, შემოსავლების გახუთმაგებაც არ იქნებოდა გამორიცხული. ამის შესახებ, მან BM.GE-სთან ისაუბრა.
„იმის მიუხედავად, რომ საახალწლო სოფელში მონაწილეობაზე უარი განვაცხადეთ, წინა წელთან შედარებით შემოსავლები გასამმაგებული გვაქვს. ვერ ვიტყვით, რომ გაყიდვები ცუდ მდგომარეობაშია, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ქვეყანაში ასეთი მდგომარეობა რომ არ იყოს, ალბათ გაყიდვები გახუთმაგებული იქნებოდა. მიზანია არის ის, რომ ადამიანებმა ინსპირაცია ატარონ. რეალიზაცია ძირითადად ონლაინ ხდება, თუმცა გვაქვს შოურუმიც. მომხმარებლების 80% კი ქალბატონები არიან.
ახალმა წლებმა გვაჩვენა, რომ ბევრი ლოიალური მომხმარებლები გვყავს. აქედან გამომდინარე, გვინდა, რომ რომელიმე სავაჭრო ცენტრში ფიზიკური მაღაზია გავხსნათ, რადგან მოთხოვნა ძალიან დიდია. საწყისი ინვესტიცია დაახლოებით 50000 ლარი იქნება. ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან მოლაპარაკებები გვქონდა, თუმცა იმდენად დიდი რიგებია, რატომღაც მოლაპარაკებები აღარ გაგვიგრძელებია “,- ამბობს „ჯერარასდროს“ დამფუძნებელი.
მისი ინფორმაციით, კომპანია ამ დრომდე 5 ადამიანს ასაქმებს. ამასთან, კომპანიის დამფუძნებელი დასძენს, რომ წინა წლებთან შედარებით მომხმარებელთა ქცევა ელექტრონული კომერციის მიმართულებით ძალიან არის შეცვლილი. ანუ, თუ ადრე გარკვეული უნდობლობა იყო ხარისხთან და მიტანის რეალურობასთან მიმართებით, ახლა მსგავსი საკითხი დღის წესრიგშიც აღარ აქვთ.