მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს არანაირი კვეთა რაგბისთან ცხოვრების მანძილზე არ ჰქონია, ამხელა ინვესტიცია და ქველმოქმედება განახორციელა. ძალიან კარგია, რომ ეს დაუფასა მსოფლიო რაგბიმ
პარლამენტის წევრი, პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით კაჭარავა ბიძინა ივანიშვილის მიერ სპორტის სხვადასხვა სახეობის, მათ შორის, რაგბის მხარდაჭერას მედიასთან ეხმაურება.
მისი თქმით, დღევანდელ რეალობაში, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით, რაგბისტების ახალ თაობას საშუალება აქვს განახლებულ პირობებსა და ინფრასტრუქტურაში ივარჯიშონ. დავით კაჭარავამ აღნიშნა, რომ სწორედ ამ განახლებული პირობების დამსახურებით იზრდებიან ისეთი წარმატებული რაგბისტები, როგორიც დღეს საქართველოს ჰყავს. დეპუტატი ასევე რაგბის საერთაშორისო კავშირის მიერ ბიძინა ივანიშვილის დაჯილდოებას ეხმიანება. მისი თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რადგან რაგბის საერთაშორისო კავშირმა ბიძინა ივანიშვილის ინვესტიცია დაუფასა.
კაჭარავამ აღნიშნა, რომ ახალი ინფრასტრუქტურის შენახვა კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული, რასაც ფონდი „ქართუ“ უზრუნველყოფს.
„თუ ადრე, ჩემი თაობის დროს, მშობლებს რომ მოჰყავდა ბავშვი რაგბიზე, არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობდა – არ იყო საშხაპე, გასახდელი, საუბარი არაა სატრენაჟორო დარბაზზე და ა.შ, დღეს ეს ხელმისაწვდომია ახალგაზრდა თაობისთვის და ზუსტად ამ კონკურენციასა და პირობებში იზრდებიან ისეთი წარმატებული მორაგბეები, როგორიც დღეს საქართველოს ჰყავს.
რაგბის საერთაშორისო საბჭოს მიერ ბიძინა ივანიშვილის დაჯილდოება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი აღიარებაა მსოფლიო რაგბის მხრიდან იქიდან გამომდინარე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანს [ბიძინა ივანიშვილს] არანაირი კვეთა რაგბისთან ცხოვრების მანძილზე არ ჰქონია, ამხელა ინვესტიცია და ქველმოქმედება განახორციელა. ძალიან კარგია, რომ ეს დაუფასა მსოფლიო რაგბიმ.
ამდენი ინფრასტრუქტურის შენახვა, ჩვენ კარგად ვიცით, რომ კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული და ამ წლების მანძილზე ფონდი “ქართუ” ინახავდა ამ ყველაფერს. დაახლოებით 5 მილიონი ლარი ჯდებოდა წელიწადში ამ ინფრასტრუქტურის შენახვა.
ჩვენ მოვუგეთ tier 1-ის ანუ უმაღლესი სარაგბო დონის ქვეყნებს. ძალიან კარგად გვახსოვს გამარჯვება უელსში. ასე, რომ რაც მნიშვნელოვანია, მაგარი თაობა მოდის ქართულ რაგბიში და ეს 6 ერის 18 წლამდელთა ჩემპიონატზეც კარგად გამოჩნდა.
დიდი მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს ქართული რაგბის სახელით და თითოეული ადამიანის სახელით, რომელსაც ამ წლების მანძილზე ის გვერდში დაუდგა, არა მხოლოდ ადამიანს, სპორტის ბევრ სახეობას,-“- აღნიშნა დავით კაჭარავამ.