მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე ნედლი რძის 70%-იანი დეფიციტია, ფერმების რაოდენობა ვერ იზრდება, – ამის შესახებ რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის „შირაქი“ დამფუძნებელმა და საქართველოს მერძევეობის ასოციაციის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ბენიაიძემ BM.GE-სთან სექტორში არსებული გამოწვევების შეფასებისას ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, ბაზარზე ირანიდან, ბელორუსიიდან და რუსეთიდან იმპორტირებული რძის ფხვნილი გამოჩნდა, რომლის ღირებულებაც იმდენად დაბალია, რომ ნედლი რძე მას კონკურენციას ვერ უწევს. შედეგად, ნედლი რძის ფასი შემცირდა.
„არის ფალსიფიკაცია, არის დაურეგისტრირებელი ე.წ. საწარმოები, რაც დარგის განვითარებას აფერხებს. შარშან, ნედლ რძეს რა ფასებიც დააკლდა, წელს ის ფასები გვაქვს შენარჩუნებული. ჯერჯერობით სარეალიზაციო ღირებულება არც კლებულობს და არც მატულობს.
1 ლიტრი რძე საშუალოდ 1.75-1.90 ლარი ღირს. თუმცა, შეგროვებული რძე უფრო იაფია, რადგან პატარა ფერმები სტანდარტებს და ხარისხს ვერ აკმაყოფილებს. მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა“ ძალიან კარგი პროგრამაა – 5-მილიონიანი, 7-წლიანი სესხი შეღავათიანი პირობებით, თუმცა ამაზე ფერმერები დიდად აღფრთოვანებულები არ არიან, ვინაიდან ძალიან დიდი რისკია. ფასიდან გამომდინარე ძვირი ჯდება წარმოება, ურთულესი დარგია. თუ არ გამოსწორდა ბაზარზე ფალსიფიკაცია და თუ რესტორნებმა, სახაჭაპურეებმა, მეპურეებმა და ბაზარზე, ყველგან არ მოხდა ამის კონტროლი, რომ ყველა ნაწარმი იყოს ეტიკეტირებული, დარგი ვერ განვითარდება“, – ამბობს ბენიაიძე.
