„მიუღებელია ხევში მასიური მშენებლობა და მდინარის კალაპოტში 7 სართულის სიღრმეზე ჩასვლა“ – „იქსორი“ ვერეს ხეობაში 190 მეტრიან კოშკებს აშენებს

თამარაშვილის ქუჩასა და მდინარე ვერეს შორის, გაერთიანება „სამთო ქიმიასა“ და „საქჰიდროენერგომშენის“ მშენებარე სახლის მიმდებარედ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა იგეგმება.
პროექტის დამკვეთს შპს „იქსორი თამარაშვილზეა“, რომელსაც დაგეგმილი აქვს, სამი კოშკისგან შემდგარი, 80 მეტრიდან -190 მეტრამდე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა, რომელშიც გათვალისწინებულია შემდეგი ფუნქციური სახეობების განვითარება: საცხოვრებელი; სასტუმრო; კომერციული; საზოგადოებრივი თავშეყრის; გასართობი; სპორტულ-გამაჯანსაღებელი და აღნიშნული სახეობებისთვის საჭირო დამხმარე ფუნქციების განვითარება.
გრანდიოზულ მშენებლობას ვერეს ხეობაში მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლები აპროტესტებენ. როგორც წყნეთის ქუჩა 14-ში მცხოვრები 133 მოსახლის მიერ მერიისთვის გაგზავნილ წერილში წერია, პროექტის მასშტაბები მიუღებელია არსებული გარემოსთვის, როგორც კანონმდებლობით დადგენილი (2019 წლის 15 მარტს #39-18 დადგენილებით) ისე ესთეტიური პარამეტრების თვალსაზრისით.
„ვიცით მაკომპენსირებელი და მასტიმულირებელი ღონისძიებები კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების მიზნით, მაგრამ ყოვლად მოიღებელია პარამეტრის გაზრდა 2.5 -დან 11.1-ზე.
სულ რაღაც 300 მეტრის რადიუსში ტერიტორია ისედაც გადატვირთულია მიმდინარე მრავალბინიანი სახლების მშენებლობით. გარდა იმისა, რომ ტრანსპორტის მოძრაობა ისედაც სრულად პარალიზებულია, დამატებით გაჩენილი მოცულობები შეუძლებელს გახდის საერთოდ გადაადგილებას.
მიუღებელია ხევში მასიური მშენებლობა, იმის მიუხედავად, რომ საპროექტო არეალი მაღალი გეოდინამიკური საფრთხეების ზღვარზე, საშუალო დონეშია, არის მეწყრული საშიშროებები და პირდაპირ მდინარის კალაპოტში დაგეგმილი 7 სართულის სიღრმეზე ჩასვლა წარმოუდგენელი მასშტაბია.
ასევე პროექტით ძირითადი სამშენებლო მოცულობა ინაცვლებს საპროექტო არეალის ცენტრში და შესაბამისად წყნეთის ქუჩა 14 კორპუსს სრულად ეფარება სამხრეთის მხრიდან, ესეც ინსოლაციის პრობლემა.
და ბოლოს – წყნეთის ქუჩა 14 კორპუსს აქვს ავარიული სადარბაზოები; ყველა სადარბაზოს აქვს გადახსნილი სინკარები და მორღვეული საფეხურები, მძიმე ტექნიკის შეყვანისთანავე ჩამოიშლება სადარბაზოები სრულად“, – წერია წერილში.
პროექტის მიხედვით, საპროექტო ტერიტორიის ფართობია 10841 კვ.მ; საიდანაც 1100 კვ.მ უკავია საჯარო სარგებლობის კეთილმოწყობილ რეკრეაციულ სივრცეს და 8600 კვ.მ-ზე ხდება დაგეგმილი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა.
„სამი კოშკისგან შემდგარი მრავალფუნქციურ კომპლექსში, საცხოვრებელი სექტორის ჯამური ფართობი თავმოყრილია (A და B კოშკებში) და შეადგენს საპროექტო მოცულობის 85%. პირველადი მონაცემებით საპროექტო მოცულობების სიმაღლეები მერყეობს 80 მეტრიდან -190 მეტრამდე. A- 210 მ. B- 190 მ. C- 100 მ.
პროექტის უმთავრესი და ყველაზე წამყვანი პოზიტიური მახასიათებელი თავისთავად უკავშირდება წლების მანძილზე გაჩერებულ სტადიაში მყოფი მშენებლობის ჩანაცვლება, ახალი თანამედროვე სტანდარტების მქონე კომპლექსით, რომლის ფარგლებში მოხდება კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 190 ოჯახის ბინებით უზრუნველყოფა“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
სამივე კოშკის გამაერთიანებელი, მრავალდონიანი, ნაწილობრივ მიწისქვეშა სივრცე დაეთმობა კომერციულ და ავტოსადგომებისთვის განკუთვნილ სექტორს – რომელშიც გარკვეული თანაფარდობით გადანაწილდება სასტუმროს მართვის; საოფისე და კომერციული დანიშნულების ფუნქციური სახეობები). გამაერთიანებელ სივრცეში მიწისპირა და -1 სართულზე სავარაუდოდ განთავსდება საოფისე და კომერციული სახეობები. ხოლო -2-დან -7 სართულის ჩათვლით მოეწყობა მიწისქეშა ავტოსადგომი.
საოფისე და კომერციული ფუნქციის თავმოყრა მოხდება ძირითადად A და B კოშკებში და ნაწილობრივ მიწისქვეშა სივრცის პირველ დონეზე. ხოლო სასტუმრო-საოფისე ფუნქცია განთავსდება D ბლოკში,“- აღნიშნულია განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებაში.
შპს „იქსორი თამარაშვილზე“ 2017 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი ვალერიან კირკიტაძეა, ხოლო მისი მფლობელები შპს „იქსორი“ (80%) და გიორგი ტაბატაძე (20%) არიან. თავის მხრივ შპს „იქსორის“ მფლობელები ვალერიან კირკიტაძე, ლევან ტურძელაძე და ალექსანდრე წულუკიძე არიან.

ასევე დაგაინტერესებთ