„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი გუგული მაღრაძე მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას ალტერნატივა არ გააჩნია.
როგორც მაღრაძე ამბობს, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არც ერთი წუთით არ უნდა შეჩერდეს.
მისი თქმით, მოლაპარაკების პროცესის გადადება ეჭვის ქვეშ აყენებს ჩვენს მომავალს ევროატლანტიკურ სივრცეში.
„ნებისმიერი აქტივობა, რაც ხელს უშლის ამ პროცესს, არის ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი, გვაახლოებს რუსეთს და შესაძლოა ჩვენი დამოუკიდებლობის და თავისუფლების დაკარგვის საფუძველი გახდეს. 1999 წლიდან მოყოლებული, ჩვენ ყველა ერთად ვიღვწით იმისათვის, რომ გავხდეთ ევროპის ნაწილი, რადგან „ჩვენ ვართ ქართველი და მაშასადამე ევროპელი.“
მიუღებელია, რომ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ამდენი ხნის მცდელობა შეფერხდეს ან გადაიდოს. მოლაპარაკების პროცესის გადადება ეჭვის ქვეშ აყენებს ჩვენს მომავალს ევროატლანტიკურ სივრცეში.
ვისაც დაგავიწყდათ, გაგახსენებთ, რამდენი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს საქართველო და ეს პროცესი არც ერთი წუთით არ უნდა შეჩერდეს:
· 1999 წელს საქართველო შეუერთდა ევროპის საბჭოს.
· 2004 წელს საქართველო შეუერთდა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის (ENP) პროგრამას.
· 2009 წელს საქართველო გახდა აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) წევრი.
· 2014 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას და ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცის შეთანხმებას (DCFTA), რომლებიც ძალაში შევიდა 2016 წელს.
· 2017 წელს საქართველოს მოქალაქეებს მიეცათ შესაძლებლობა უვიზოდ იმგზავრონ შენგენის ზონაში.
· 2022 წელს საქართველომ ოფიციალურად წარადგინა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ.
· 2023 წელს ევროკომისიამ რეკომენდაცია მისცა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისთვის, კონკრეტული რეფორმების შესრულების პირობით.
დაბოლოს, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფებას. ეს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მიზანია და ამ მიზნის მიღწევას ვერაფერი შეუშლის ხელს“, – წერს Facebook-ზე გუგული მაღრაძე.
28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენებენ.
კობახიძის ბრიფინგის შემდეგ მოქალაქეები ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად ქუჩაში გამოვიდნენ. დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე აქცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები ძალადობდნენ მოქალაქეებზე და ჟურნალისტებზე. მათ არაერთხელ გამოიყენეს წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი, რომელშიც, სავარაუდოდ, გაურკვეველი ნივთიერებები იყო გარეული. გამთენიისას, როცა მოქალაქეთა რაოდენობა შედარებით შემცირდა, სპეცრაზმელები მიმდებარე ქუჩებში, ეზოებში, სადარბაზოებში, აფთიაქებსა და მაღაზიებში დასდევდნენ მოქალაქეებს და ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 28-29 ნოემბრის ღამეს, ჯამში, დააკავეს 43 ადამიანი. გამოძიება მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. გარდა ამის,ა უწყების ცნობით დაშავდა 32 სამართალდამცველი, რომლიდანაც 13-ს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ამ ფაქტებზე გამოძება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებითაც, რაც პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის განადგურებას, ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საშიში საშუალებით დაზიანებას გულისხმობს.
რაც შეეხება ჟურნალისტებს, მედიაჩეკერის ინფორმაციით, აქციაზე 40-მდე ჟურნალისტიდაშავდა. მათ შორის, “ნეტგაზეთის” ჟურნალისტი, გივი ავალიანი.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დაგეგმილია დღესაც, 29 ნოემბერს.