მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამართული ჩემი შეხვედრები ემსახურებოდა მთავარ მიზანს – საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის და ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერის მობილიზებას – ილია დარჩიაშვილი
„გასული წლების მსგავსად, წელსაც, მიუნხენის კონფერენცია იყო წარმატებული, ჩემი ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციის შეხვედრები ემსახურებოდა მთავარ მიზანს – ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების და კეთილდღეობის უზრუნველყოფას, და ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერის მობილიზებას, იმ საკითხების გარშემო, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.”- ამის შესახებ, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, გერმანიაში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში ქართული მხარის მონაწილეობის შეფასებისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო ქვეყნის ევროინტეგრაციის წარმატებულ პროცესს და ამ გზაზე ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების – გერმანიის და საფრანგეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
„სწორედ გერმანია და საფრანგეთი არიან ერთ-ერთი მთავარი ძლიერი ქვეყნები ევროკავშირში, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს, მქონდა უაღრესად საინტერესო შეხვედრა საფრანგეთის ახლად დანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრთან, მან აღმითქვა მხარდაჭერა ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესში. დღეს უკვე გერმანელ პარტნიორებთან და კოლეგებთან გავაგრძელებთ საუბარს ამის შესახებ, ჩვენ გვინდა, რომ საფრანგეთი და გერმანია ორი ძლიერი ქვეყანა ევროკავშირში იყვნენ თანმიმდევრულნი და მხარდაჭერა გამოუცხადონ ჩვენს ქვეყანას მომავალი ინტეგრაციის გზაზე, რომელიც არის კომპლექსური, თუმცა ამ ქვეყნების მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ – განაცხადა ქვეყნის პირველმა დიპლომატმა.
ამასთან , ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრები იყო კონკრეტული შედეგის მომტანი, მათ შორის, გადაწყდა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში. ასევე , მინისტრის ინფორმაციით, გაიმართა ნაყოფიერი შეხვედრები საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან – აშშ-ს დელეგაციასთან, სადაც განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების გზები.
ილია დარჩიაშვილი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში შეხვედრებს დღესაც განაგრძობს, იგი გერმანიის მთავრობის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების და მიუნხენის კონფერენციის ხელმძღვანელებს შეხვდება.