მიუნხენის აეროპორტმა შეჩერებული ავიარეისები ეტაპობრივად აღადგინა

მიუნხენის აეროპორტმა ავიარეისები ეტაპობრივად აღადგინა მას შემდეგ, რაც დრონების გამოჩენის გამო, აეროპორტის ორივე ასაფრენი ბილიკი 24 საათზე ნაკლებ დროში მეორედ დაიხურა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
აეროპორტის ინფორმაციით, სულ 23 რეისი გადამისამართდა, ხოლო 48 რეისი გადაიდო ან გაუქმდა, რის შედეგადაც დაახლოებით 6 500 მგზავრი დაზარალდა.
„დრონების გამოჩენის შემდეგ, სიფრთხილის გამო, მიუნხენის აეროპორტში ფრენები შეჩერდა. წინა ღამის მსგავსად, აეროპორტმა და ავიაკომპანიებმა იზრუნეს მგზავრებზე. დაურიგდათ საკემპინგე საწოლები, საბნები, სასმელები და საჭმელები“, – ნათქვამია აეროპორტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
როგორც მედია წერს, ბოლო კვირების განმავლობაში დრონების საფრთხის გამო, ევროპის ქვეყნების არაერთმა აეროპორტმა გადადო ან გააუქმა ფრენები, რასაც ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლება რუსეთს უკავშირებს. კრემლი შემთხვევებთან რაიმე კავშირს უარყოფს.