მიტროპოლიტმა გრიგოლმა ჟურნალისტებს უთხრა ილია მეორის პოზიცია “ოცნების” შეთავაზებაზე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, რომელიც საპატრიარქოში მიმდინარე შეხვედრას ესწრებოდა, ჟურნალისტებს ეუბნება, რომ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაზე ხელისუფლების შეთავაზება არ არის ის საკითხი, რომლის განხილვაც სასწრაფოდ უნდა მოხდეს.
მიტროპოლიტის თქმით, მისი ეს მოსაზრება სხვა მღვდელმთავრებსაც გაუზიარა, შინაარსობრივ დისკუსიაში არ შევიდა და შეხვედრა დატოვა:
„ამ ტიპის წინადადება იმ დონის საკითხია, ასე დაჩქარებულად განხილვას, ვფიქრობ, არ უნდა ექვემდებარებოდეს. არ შევედი განხილვაში და არც ვაპირებ შევიდე განხილვაში, მეტი სიდინჯით მიდგომა სჭირდება, მეტი აწონ-დაწონა. არ მიმაჩნია დღეს სახელდახელოდ, სასწრაფოდ იყოს საჭირო ამის განხილვა“ — აღნიშნა მიტროპოლიტმა.
მისი თქმით, პატრიარქის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა მღვდელმთავრებს პატრიარქის პოზიციაც გააცნო და ისიც მიიჩნევს, რომ საკითხის განხილვა დაჩქარებულად არ უნდა მოხდეს:
„ამ წუთას სხდომა გრძელდება, მე მადლობა გადავუხადე მოწვევისთვის კონსულტაციებზე […] პატრიარქის სურვილი ითქვა, აღინიშნა მოსაყდრის მიერ, რომ მისი უწმინდესობის სურვილია ეს საკითხი ასე დაჩქარებულად არ იქნეს განხილული“ — განაცხადა მიტროპოლიტმა და ასევე აღნიშნა, რომ როდესაც საპატრიარქოსა და სახელმწიფოს შორის საკონსტიტუციო შეთანხმება ფორმდებოდა, მაშინაც წინააღმდეგი იყო მართლმადიდებლობისთვის სახელმწიფო რელიგიის სტატუსის მინიჭებაზე.
“აქ საუბარია სახელმწიფოს მიერ გაცხადებულ კეთილ ნებაზე ამის უკან სპეკულაციები: კარგია, ცუდია ამას სჭირდება სერიოზული განხილვა, ანალიზი, სპეციალისტების შეხვედრები”.
ამასთან, მიტროპოლიტმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მთავრობა საპატრიარქოს სთავაზობს გაძლიერდეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი „იმ საფრთხეების წინაშე, რაც არსებობს თანამედროვე სამყაროში“, თუმცა იქვე დასძენს, რომ ისეთ სახელმწიფოებშიც კი, სადაც რელიგიას ეს სტატუსი აქვს, არის შემთხვევები, როცა „ეკლესიისთვის მიუღებელ გადაწყვეტილებებს იღებენ“.
27 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნება” საპატრიარქოსთან კონსულტაციებს გადის მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ. ინფორმაცია დაადასტურეს პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ და მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა. ორივე მათგანი ინიციატივას ეწინააღმდეგება.
“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ 20 აგვისტოს განცხადება გაავრცელა, სადაც ჩამოთვლის იმ მიზეზებს რატომაც უნდათ ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის შემდეგ, კვლავ საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვება. ამ მიზეზთაგან სამი მმართველმა პარტიამ თავიდანვე გაავრცელა, ერთზე კი თქვეს მხოლოდ ის, რომ საკითხის “კონსტიტუციით მოწესრიგებას საქართველოს თვითმყოფადობისა და ეროვნული ფასეულობების დასაცავად უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს”. განცხადებაში ეწერა, რომ მმართველი პარტია საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს გადიოდა და ინფორმაციას აგვისტოს ბოლოს გაავრცელებდა.
“ქართული ოცნებისთვის” საკონსტიტუციო უმრავლესობის საჭიროების სხვა მიზეზებია პოლიტიკური რევანში და ოპოზიციური პარტიების აკრძალვა, ოჯახური ღირებულებების დაცვის მოტივით შემუშავებული, ჰომოფობიური, დისკრიმინაციული და ცენზურის დამაკანონებელი კანონების მიღება და “ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელ საკონსტიტუციო ცვლილებები”. თუმცა, მმართველ პარტიაში არც იმას აკონკრეტებენ, რას გულისხმობენ ამ უკანასკნელში.