ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა არქიმანდრიტ მაკარ აბესაძეს ერთი თვით მღვდელმსახურება შეუჩერა.
ადგილობრივი მედიისა და მრევლის ინფორმაციით, მიტროპოლიტ ანტონსა და არქიმანდრიტს შორის აზრთასხვადასხვაობაა როგორც საეკლესიო, ისე პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის, რუსულ კანონზე. მაკარ აბესაძე აქტიურად უჭერს მხარს საზოგადოების პროტესტს რუსული კანონის წინააღმდეგ, რასაც Facebook-ზე მისი პოსტებიც ადასტურებს.
არქიმანდრიტ მაკარ აბესაძეს მისი მრევლის წევრები თანადგომას უცხადებენ.
თავად არქიმანდრიტი მაკარ აბესაძე ადასტურებს აზრთა სხვადასხვაობას მიტროპოლიტთან, თუმცა ამბობს, რომ მისთვის მღვდელმსახურების შეჩერება საეკლესიო განაწესი დარღვევის გამო მოხდა.
„გუშინდელი გამოხმაურებების გამო მინდა გითხრათ, მე მართლა არ ვთვლი ჩემს თავს იმ პიროვნებად, ვისთვისაც ამდენმა ადამიანმა უნდა გამოთქვას აზრი. რაც შეეხება მე და მეუფე ანტონის შეხედულებების არა თანხვედრას, ეს არაა ახალი მოვლენა (რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება ჩვენი რელიგიური შეხედულებები, ის სულ თანხვედრაშია). რაც შეეხება ჩემი მღვდელმოქმედების დროებით შეჩერების საკითხს, ეს მოხდა შიდა საეკლესიო განაწესის დარღვევის გამო. კონკრეტულად, 12 მაისს კვირას წირვის დამთავრების შემდეგ შეკამათება მომივიდა მღვდელმთავართან, სადაც მე სასულიერო პირისთვის არასასურველად გადავედი ზღვარს, რის გამოც გულწრფელად ვწუხვარ. ამის გამო უკვე ვითხოვე შენდობა. რაც შეეხება ჩემს შეხედულებებს, რა თქმა უნდა, მე ვრჩები ჩემს შეხედულებებზე, რომლის შეცვლას არავინ არ მაიძულებს“, — წერს არქიმანდრიტი.
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება მიტროპოლიტი ანტონიც და მხარდაჭერას უცხადებს „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ კანონს.
„გავრცელდა, რომ ე.წ. რუსული კანონის გამო ავუკრძალე ღვთისმსახურება, ნამდვილად კარგ მოძღვარს: 1. ეკლესიის შიდა საკითხები არ არის მასმედიის გასარჩევი და მითუმეტეს იმ ადამიანებისა, ვინც ეკლესიის გარეთ იმყოფება. კიდევ ერთხელ ადასტურებთ, როგორ გინდათ შფოთი შეიტანოთ იქ, რასაც მთელი თქვენი არსებით, რბილად რომ ვთქვა, ებრძვით. 2. იმ კანონს, რასაც თქვენ რუსულს უწოდებთ, მე ვუწოდებ თქვენ მამხილებელ კანონს, რითაც თქვენ და თქვენს დამქაშებს ძალიან ეშინიათ,“ – წერს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი.