“მიტროპოლიტი შიო შეურაცხყოფს და აკნინებს არა მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციას, არამედ აწგანსვენებულ კათოლიკოს-პატრიარქ ილიას მაგალითს, რომელსაც…”

“დღევანდელ სახარებაში იესო ქრისტე თავისი ხელით ბანს ფეხს მოციქულებს და ბოლოს მათ მნიშვნელოვან სიტყვებს ეუბნება – “მაგალითი მოგეცით, რათა, როგორც მე მოგექეცით, თქვენც ასევე მოიქცეთ.” (ინ. 13)
ცხადია ამ სიტყვებში არ იგულისხმება არც მხოლოდ ფერხთბანვა, როგორც მაგალითი და არც ამ სიტყვების ადრესატები არიან მხოლოდ მოციქულები. იესოს ცხოვრება, მისი თითოეული ეპიზოდი ცხოვრებიდან არის მაგალითი ქრისტიანისთვის, ის მაგალითი რომელიც ჩვენ უნდა გავიაზროთ, გავითავისოთ და გავიმეოროთ.
უპირველესად სასულიერო პირებს გვმართებს ვიყოთ მაგალითი სხვებისთვის, სწორედ ამიტომაც, დიდი ხუთშაბათის ლიტურგიაზე, საიდუმლო სერობის ხსენების დღეს, ის, ვინც ყველაზე მაღლა მდგომია სასულიერო იერარქიაში – მღვდელმთავარი ასრულებს წესს, რომელიც ქრისტეს მაგალითის გამეორებაა. იგი იმდაბლებს თავს, როგორც ყველას მსახური და ლიტურგიის ბოლოს ფეხს ბანს სხვა ადამიანებს.
რა თქმა უნდა, მხოლოდ ამ ტრადიციის შესრულება საკმარისი არ არის, თუმცა ეს ის მინიმუმია, რაც შეახსენებს მღვდელმთვარებს, რომ მას კი არ უნდა ემსახუროს ხალხი, არამედ თავად უნდა იყოს ხალხის მსახური. სამწუხაროდ ეს უმნიშვნელოვანესი წესი – სხვათა მსახურება, ხშირადაა უგულებელყოფილი მღვდელმთავართა მხრიდან ყოველდღიურ ცხოვრებაში, თუმცა მათგანაც კი ძალიან ცოტა თუ ბედავს სახარებისეული ვალდებულებისა და ლიტურგიული ტრადიციის – ფერხთბანვის წესის შეუსრულებლობას.
სამწუხაროდ, სწორედ ასეთი მღვდელმთავარია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო, რომელიც არა მხოლოდ წელს არღვევს სახარებისეულ შეგონებას და არ ასრულებს ეკლესიის ლიტურგიულ ტრადიციას, არამედ უკვე ჩვეულ მოვლენად აქცია ამ ულამაზესი წესის არაფრად ჩაგდება.
მიტროპოლიტი შიო შეურაცხყოფს და აკნინებს არა მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციას, არამედ აწგანსვენებულ კათოლიკოს-პატრიარქ ილიას მაგალითს, რომელსაც, სანამ ლიტურგიის აღსრულება შეეძლო, არასდროს გამოუტოვებია ფერხთბანვის რიტუალი, აღასრულებდა რა მას თავმდაბლად და აჩვენებდა ხალხს მსახურების მაგალითს.
“ძე კაცისა არ მოსულა იმისათვის, რომ მას ემსახურონ, არამედ იმისათვის, რომ თავად ემსახუროს” (მარკოზი 10, 45)
ადამიანი, რომელსაც გარეგნულადაც კი არ შეუძლია ეჩვენოს ხალხს მსახურად, ვერასდროს შეძლებს გულით ემსახუროს საკუთარ სამწყსოს”, – წერს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი, ლეონ გელოვანი.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო: შევინანოთ, გამოვსწორდეთ, დავფიქრდეთ, თუ რა არის ჩვენი ხალხის ის მანკიერებები, ის ცოდვები, რომლებიც ჩვენ უნდა გამოვასწოროთ, იმისთვის რომ მოგვეცეს წყალობა ღვთის და ვეღირსოთ ჩვენს გამთლიანებას და ქვეყნის გაძლიერებას