ხალხმრავალი საპროტესტო აქციების ფონზე ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს საზოგადოებრივი პროტესტის გათვალისწინებით შეწყვიტოს საქართველოს პარლამენტში სადავო კანონპორექტის განხილვა და ამით უარი თქვას დაძაბულობის ესკალაციის რისკზე. მაღალი იერარქიის სასულიერო პირი საქართველოს მთავრობას ახსენებს, რომ “უდიდესია ქვეყნის ხელისუფლების პასუხისმგებლობის ტვირთი ისტორიისა და საკუთარი ხალხის წინაშე”.
“ის დაძაბულობა და საზოგადოებრივი პროტესტი, რაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ვითარდება საქართველოს პარლამენტში და მის ირგვლივ, ის, რაც ამ დაძაბულობის ესკალაციას შეიძლება მოჰყვეს ამ ქვეყნის ცხოვრებაში, საკმარისზე მეტ არგუმენტს იძლევა საიმისოდ, რომ შეწყდეს/შეჩერდეს სადავო კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების პროცედურები, რამაც შექმნა უკიდურესი დაძაბულობის საფუძვლები ქართულ საზოგადოებაში.
მიმაჩნია, რომ ეს გაბედული და დიდსულოვანი ნაბიჯი გაუხსნის გზას სამოქალაქო მშვიდობას, ხოლო ჩვენს სამშობლოს ააცილებს იმ საფრთხეს, რასაც დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში უკიდურესად გაღიზიანებული მტერი რევანშისთვის გამოიყენებს და შექმნილ ვითარებაში გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საქართველოს ისტორიულ მისწრაფებას; მაშინ კი ჩვენი მეგობრები და პარტნიორები ვეღარ დაიხსნიან ჩვენს მრავალჭირნახულ სამშობლოს” – წერს მიტროპოლიტი წერილში, რომელსაც აქვეყნებს ფოთისა და ხონის ეპარქიის ოფიციალური გვერდი ფეისბუკზე.
მეუფე გრიგოლის გარდა, მაღალი იერარქიის სასულიერო პირებიდან “აგენტების შესახებ” აზრი გამოთქვა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამაც.
“მე როგორც საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქე და როგორც საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავარი, მივიჩნევ რომ ჩვენი თავისუფლების მოყვარე ერისა და ხალხის ისტორიული არჩევანი, რომ საქართველო იყოს ევროპული ოჯახისა და ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრი და განუყოფელი ნაწილი, უნდა იყოს დაფასებული ყველას მხრიდან!
ასეთი პოლარიზაციის პირობებში, როცა ჩვენი დაუძინებელი მტერი საზოგადოების ორად გაყოფას მცდელობას არ აკლებს, დაუშვებლად მიმაჩნია აჩქარებული წესით რაიმე გადაწყვეტილების მიღება, თანაც იმ ფონზე, როცა ჩვენი ქვეყნის ყველა პარტნიორი ქვეყნებისა და კავშირების ლიდერები მოგვიწოდებენ მეტი დაფიქრებისა და ანალიზისთვის, თუ რა შეიძლება მოყვეს ახალი კანოპროექტის მიღებას” – თქვა მან და ხელისუფლებას ამ კანონზე უარის თქმა ურჩია.
“აგენტების კანონის” წინააღმდეგ რამდენიმე დღეა აქტიურად გამოდიან სპორტის, კულტურისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. თბილისში, პარლამენტის შენობასთან მესამე დღეა ხალხმრავალი აქციები იმართება – პოლიციამ წინა ორი დღის განმავლობაში 30-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა. 17 აპრილს საქართველოს პარლამენტმა “აგენტების კანონი” პირველი მოსმენით მიიღო.