ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც მზია ამაღლობელის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის საქმის დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს, დასკვნით სიტყვას წარმოადგენს მისი ადვოკატი მაია მწარიაშვილი.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მისი დასკვნითი სიტყვა 89 გვერდისგან შედგება.
რადიო თავისუფლების კორესპონდენტი, რომელიც მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე იმყოფება, სასამართლო დარბაზიდან წერს მაია მწარიაშვილის დასკვნითი სიტყვის მთავარ გზავნილებს.
მაია მწარიაშვილმა საკუთარი სიტყვა მზია ამაღლობელზე, როგორც პიროვნებასა და როგორც პროფესიონალზე საუბრით დაიწყო:
„მე დღეს მინდა გესაუბროთ მზიაზე… მე აღმოვაჩინე ჩემი უცნაური როლი – ამ წუთას მე ვდგავარ, როგორც მისი უფლებადამცველი, არადა უნდა ვიყო მხოლოდ ადვოკატი… ვინაიდან სისტემა აღმოჩნდა მისი მჩაგვრელი, აქ ვდგავარ, როგორც მისი ადვოკატი და მისი უფლებადამცველი…
“ბათუმელები” დამოუკიდებელ საქართველოზე ზუსტად 10 წლით უმცროსია, თუმცა ერთი დაბადების თარიღი აქვთ – 26 მაისი… ვფიქრობ, რომ პირველი ნომრის ამ დღეს გამოსვლა არ იყო შემთხვევითი… მუშაობა დაიწყეს ერთ პატარა ოთახში, ერთი კომპიუტერით და თავისუფალი საქართველოს რწმენით. მან მუშაობა დაიწყო 26 წლის ასაკში და 50 წლის გახდა საპატიმროში“.
„ბათმელებისა” და “ნეგაზეთის” ჟურნალისტებს მიღებული აქვთ არაერთი ჯილდო. რა თქმა უნდა, ამ პრიზის მიღებაში მზიას დიდი როლი აქვს“, – თქვა მაია მწარიაშვილმა.
მისივე თქმით, მზია ამაღლობელის ინიციატივით შედგა არაერთი პროექტი, რომლებიც საზოგადოების ჯგუფების გაძლიერებას ისახავდა მიზნად. მათ შორის, ეს იყო ეკომიგრანტების გაძლიერების პროექტი, პრეს-კაფეს გახსნა, რომელმაც დაახლოებით 500 დისკუსიას უმასპინძლა, კოვიდპანდემიის დროს საინფორმაციო კამპანია და სოციალურად დაუცველი ადამიანების გაძლიერება.
„მზიას ოთახი „ბათუმელების“ ოფისში მეოთხე სართულზეა. როგორც მისი კოლეგები მეუბნებიან, მის ოთახში დენი არასდროს ქრებოდა. ის სულ დაუღალავად მუშაობდა ქვეყნის მომავლისთვის“… – თქვა მწარიაშვილმა და მოსამართლესა და პროკურორებს მზია ამაღლობელის განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი გადასცა.
მაია მწარიაშვილმა თავის სიტყვაში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრისა და ამავე პარტიის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებებს მზია ამაღლობელის შესახებ, რომლებსაც ისინი სხვადასხვა დროს აკეთებდნენ.
მისი თქმით, ისინი „მიზანმიმართულად“ საუბრობენ მზია ამაღლობელის “დანაშაულზე” და მოსამართლეს კითხვა დაუსვა:
„პრაქტიკულად, ხელისუფლებამ განაჩენიც გამოიტანა… ჩემი კითხვა, ქალბატონო მოსამართლე, თქვენთან არის: როგორ დაგვარწმუნებთ, რომ თქვენ გაქვთ ის უნარი, რომ გაუძლოთ ამ ზეწოლას… შეგიძლიათ უთხრათ, რომ ეს არ არის მძიმე დანაშაული და მათ არავინ ეკითხება – შეგიძლიათ თქვენ მათ ასეთი რამ უთხრათ?! თუკი მოსამართლეს ამის მითითება არ შეუძლია, არ შეუძლია „დასვას“ თავის ადგილზე, წარმოიდგინეთ ჩემი როლი რა შეიძლება იყოს – რა ვუპასუხო პრემიერს. სამწუხაროდ, არ მჯერა, რომ არც ამ სასამართლოს და არცერთ მოსამართლეს არ შეუძლია ამის თქმა“, – თქვა მაია მწარიაშვილმა.
რაც შეეხება ბრალდების მოწმეებს, მათზე საუბრისას მაია მწარიაშვილი აღნიშნავს, რომ ყველა ის მოწმე, რომლებიც ბრალდების მხარეს წარმოადგენდნენ, ირაკლი დგებუაძის ესკორტში იყვნენ, “როდესაც ის აქ იკითხებოდა“.
ადვოკატი ამბობს, რომ მოწმე პოლიციელების ჩვენებები გადაკოპირებულია, ხოლო გამოძიება ისე დაიწყო და დასრულდა, რომ გამომძიებლები არ უნახავს:
„პროცესზე შეხვდა პირველად… მათ მიუთითეს, რომ მხოლოდ იმის გამო არ შეაწუხეს, რომ ის შიმშილობდა. მის წინააღმდეგ ისე დაიწყო და დასრულდა საქმე, რომ არავის უნახავს. იმდენად უინტერესო იყო და თავშივე იყო გადაწყვეტილი საქმე, როცა დგებუაძე დაემუქრა სისხლითო.
ქალბატონო მოსამართლევ, რამდენ ადამიანს იცნობთ, რომელიც იყენებს სიტყვას „ტანცმული“ [ამ დროს დარბაზში გაისმა სიცილის ხმა]. მე ამ სიტყვის გამოთქმაზე რამდენიმე დღე ვივარჯიშე… არ შეიძლება ბრალდება ეყრდნობოდეს მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს – დაადარეთ მათი ჩვენებები, სიტყვა-სიტყვით არის ერთმანეთისგან გადაკოპირებული… გამოძიება არ იყო მიუკერძოებელი“.
მაია მწარიაშვილი დასკვნით სიტყვაში საუბრობს ბრალდების და გამომძიებლების არაკეთილსინდისიერებაზე და კონკრეტულ მაგალითზე მიუთითებს:
„წარმოდგენილია ერთი მცირე, 44-წამიანი ვიდეო იმისთვის, რომ ტყუილისთვის დიდი სივრცე დარჩენილიყო. ამიტომ გაკრიჭა ვიდეოკადრები, რომ მხოლოდ სილა დაგვენახა და არ დაგვენახა რა მოხდა მანამდე და მერე… პროკურორი ძალიან მონდომებით ჰყვებოდა, რას აკეთებდნენ აქციის მონაწილეები, მაგრამ ეს არ არის ის საკითხი, რომელსაც ის უნდა ჰყვებოდეს როგორც ზღაპარს. მას არც უძებნია [მტკიცებულება]… რატომ არ წარმოადგინა [სხვა] კადრები?! – იმიტომ, რომ მათი სასიკეთო არ იყო. მათ არ შეასრულეს მოსამართლის განჩინება, რომ ამოეღოთ ყველა კადრი. იქ იდგა აჭარის ტელევიზია – როგორ გგონიათ, სილის გაწვნას ელოდებოდა და ამიტომ ჩართო ვიდეო?! ამით ჩვენ დაგვტოვეს პოლიციელების კეთილსინდისიერების იმედად, რომ ბატონი დგებუაძე მოვიდოდა და სიმართლეს მოგვიყვებოდა“, – თქვა მაია მწარიაშვილმა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო სხდომა 31 ივლისს, ორის წუთებზე დაიწყო.
დარბაზში შემოსულ მზია ამაღლობელს, ახლობლები და სხვა გულშემატკივრები შეძახილებით შეხვდნენ.
როგორც ყველა სხვა სხდომაზე, მთელი 7 თვის განმავლობაში, პირველ აგვისტოსაც, მზია ამაღლობელი ფეხზე დგას, ასე ისმენს ადვოკატის დასკვნით სიტყვას და არ ჯდება საბრალდებო სკამზე.
სასამართლო სხდომის პარალელურად, ფანჯრებიდან ისმის შეძახილები “თავისუფლება მზია ამაღლობელს”.
დღევანდელ სხდომაზე ჟურნალისტის ადვოკატები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ. მიიღებს თუ არა მოსამართლე ნინო სახელაშვილი გადაწყვეტილებას დღესვე, ეს ჯერ უცნობია.
მზია ამაღლობელი ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, – უკვე 12 იანვარს, – ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მისი ადვოკატი ამბობს, რომ ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ, მხედველობა, პატიმრობაში ყოფნისას კიდევ უფრო გაუარესდა. მაია მწარიაშვილის თანახმად, მზია ამაღლობელს კერატოკონუსი აქვს, თვალის რქოვანის დაავადება. 4 თებერვალს კლინიკა “ვივამედში” ჩატარებული ანალიზის დოკუმენტის, ე.წ. ფორმა 100-ის თანახმად, “მზია ამაღლობელს მარჯვენა თვალში მხედველობა აქვს 30%, მარცხენა თვალში კი მხედველობა აქვს 0.04%”.
პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.
31 ივლისს, მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო სხდომამდე ერთი დღით ადრე, პრესის თავისუფლების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ისინი კვლავ მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მოხსნან მზია ამაღლობელის წინააღმდეგ წაყენებული სისხლის სამართლის ბრალდება და ხელი შეუწყონ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
ფორუმი
