საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ნოე სულაბერიძის გადაცემაში “სტუმრად ნოესთან” სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.
კობიაშვილმა მისი საფეხბურთო კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი გაიხსენა, რომელიც საქართველოს ნაკრებსა და ეროვნული გუნდის იმდროინდელ მთავარ მწვრთნელს, ალექსანდრე ჩივაძეს უკავშირდება
“ჩემი საფეხბურთო კარიერის გარდამტეხი ეტაპი ეროვნულ ნაკრებს უკავშირდება, სადაც თამაში 1996 წელს, ძალიან პატარა ასაკში დავიწყე, მაშინ ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძე გახლდათ. პირველი მატჩი სტუმრად ნორვეგიის წინააღმდეგ მომიწია, ჩემთვის იმ ნაკრებში თამაში მართლა ოცნება იყო, ისეთი ფეხბურთელები თამაშობდნენ… ნორვეგიასთან პირველივე შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში ვითამაშე. ძალიან ვნერვიულობდი, ჩემში შინაგანად ქაოსი იყო. ბოლო წუთს თუ არ ჩავთვლით, მეც და მთლიანობაში გუნდმაც, საკმაოდ კარგად ვითამაშეთ. უკვე დამატებითი დრო იყო, როცა ჩემი შეცდომის გამო, ჩვენს კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, ის გოლი გაიტანეს და 0:1 წავაგეთ. გასახდელში შენიშვნა არც ერთ ფეხბურთელს არ მოუცია, მაგრამ ვხვდებოდი, რომ დამნაშავე ვიყავი.
იმ საღამოსვე, როდესაც მატჩის შემდეგ სასტუმროში დავბრუნდით, ჩივაძე მოვიდა ჩემთან და მისი დამოკიდებულება და მიდგომა ჩემს მიმართ, ეს იყო მართლაც გარდამტეხი ჩემს კარიერაში, მისი სიტყვები და მხარდაჭერა დღემდე არ მავიწყდება”, – განაცხადა კობიაშვილმა.