ბებიის რეცეპტს კი ჰგავს, მაგრამ ამბავი ასეთია: მეცნიერებმა ბრინჯითა და კვერცხის ცილით ეკომეგობრული მშენებლობის მომავალს ჩაუყარეს საფუძველი. გამჭვირვალე ხე შექმნეს ოღონდ ისე, რომ ბიოდეგრადირებადიც იყოს, ენერგოეფექტურიც და ტრადიციულიც. ამ უკანასკნელში მრავალსაუკუნოვანი სამშენებლო ტექნიკა იგულისხმება, რომელსაც ინდოელები მიმართავდნენ.
„თანამედროვე სამყაროში პლასტმასა ყველგან გვხვდება, იმ მოწყობილობების ჩათვლით, რომლებსაც ვატარებთ და ეს პრობლემა ხდება მაშინ, როცა იგი სიცოცხლის ციკლს ასრულებს. არ ბიოდეგრადირდება. ამიტომ ვიკითხე, რა მოხდება ამის ნაცვლად რაღაც ბუნებრივისა და ბიოდეგრადირებადის შექმნა რომ შევძლოთ?“, — ამბობს ბჰარად ბარუაჰი, პროექტის ხელმძღვანელი.
პასუხი ნახევრად გამჭვირვალე მასალაა, ძლიერი, მოქნილი და რაც ყველაზე მთავარია, ბუნებრივად დაშლის უნარის მქონე, რითაც გარემოს იმ პლასტმასას ნარჩენებს აშორებს, რომლებსაც ჩვეულებრივ გამჭვირვალე ხის პროექტები ტოვებს.
პროცესი ბალზამის ხით იწყება, რომელსაც ლიგნინსა და ჰემიცელულოზას აშორებენ, ასე ხეს ფერსა და სიმტკიცეს ანიჭებენ. შემდეგ მკვლევრებს ფორებიანი ცელულოზის ჩარჩო რჩებათ, რომელსაც კვერცხის ალბუმინისა და წებოვანი ბრინჯის ექსტრაქტის ნარევით ავსებენ — მასალებით, რომლებიც ადრე ქვების შესაერთებლად გამოიყენებოდა.
ერთ-ერთი ტესტირების დროს ამ ბიოდეგრადირებადი ხის მინით აღჭურვილი ჩიტების სახლი უფრო გრილი გამოდგა, ვიდრე ტრადიციული მინები. ეს უკეთეს იზოლაციაზე მიგვანიშნებს, პოტენციურ საშუალებაზე არქიტექტორებისთვის, რომლებიც ენერგოეფექტურ სამშენებლო მასალებს ეძებენ.
საინტერესოა, რომ მკვლევრებმა ექსპერიმენტის ფარგლებში მიღებულ მასალას ნანომავთულიც დაამატეს, რითაც, შესაძლოა, მასალის გამტარუნარიანობის თვისებები გაუმჯობესდეს. შესაბამისად, გამოსადეგი გახდეს მზის პანელებსა თუ სხვა ტარებად მოწყობილობებში გამოსაყენებლად. თუმცა, ამ ეტაპისთვის ეს მხოლოდ თეორიაა.
გამომდინარე იქიდან, რომ გლობალური დათბობა თანამედროვე სამყაროს პრობლემაა, არსებული მასალების ბიოდეგრადირებადი პროექტებით ჩანაცვლება ნამდვილად ღირს. ფიქრობენ, რომ გამჭვირვალე ხე გამოსადეგი სამშენებლო, დიზაინისა და ელექტრონიკის სფეროში იქნება…
წყარო: marketer.ge