მინისტრი ბრძანდებით, ჯერ დეტალებს უნდა გაეცნოთ და შემდეგ გამოიტანოთ დასკვნები – ძიძიგური გომელაურს

ქალი, რომელმაც პოლიციელები სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას ეხმაურება. ნათია ძიძიგურის თქმით, ვახტანგ გომელაური ჯერ საქმის დეტალებს უნდა გაეცნოს და დასკვნები ამის შემდეგ გააკეთოს.
ძიძიგურის თქმით, დაკავების დროს მან პოლიციელებს თავად მოუწოდა, ჩაერთოთ სამხრე კამერები, რათა დაფიქსირებულიყო მისი შევიწროების ფაქტი. ქალი ამბობს, რომ ყველა დეტალის მოუყვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელს.
“მივმართავ გომელაურს. როცა შინაგან საქმეთა მინისტრი ბრძანდებით, ჯერ საქმის დეტალებს უნდა გაეცნოთ და შემდეგ გამოიტანოთ დასკვნები. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მივაწოდე ინფორმაცია გუშინ. შეგიძლიათ გაეცნოთ საქმეს. ცილისწამება რომ დანაშაულია ეს ჩემზე უკეთ უნდა იცოდეთ და არ უნდა გეშლებოდეთ. რატომ ჰქონდათ პოლიციელებს სამხრე კამერები გამორთული? მე მოვუწოდე ჩართვისკენ, რომ დაეფიქსირებინათ თუ როგორ ვიდექი მუხლებზე. კითხვაზე პასუხი იყო, მხოლოდ სიცილი. 3 მოწმე რომლებმაც დაინახეს აღნიშნული ფაქტები ისინიც ცრუობენ?!”, – წერს ძიძიგური სოციალურ ქსელში.
ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ 1%-ითაც არ უშვებს, რომ ნათია ძიძიგურის მონაყოლი მართალია.
“ეს არის მართლა ძალიან სამარცხვინო ბრალდება. პირდაპირ გეტყვით. ეგეთი რაღაც მართლა არ გამიგია. როგორ ვთქვა?! ასეთი საქციელი და ასეთი ბრალდება არასოდეს არ ყოფილა. მუხლებზე დამაყენეს და … პოლიციელებს და მკვლელებს არ ვექცევით მასე, რომ ვაკავებთ ხოლმე. მართლა მკვლელებს და რეციდივისტებს არ ვექცევით ასე და ახალგაზრდა გოგო … როგორ წარმოგიდგენიათ ახლა, ქართველი პოლიციელი … მუხლებზე დააყენეს და ასე მიჰყავდათ?! რაღაცა სისულელეები. დაამტკიცონ, კი ბატონო. კი, ბატონო. ეგრე შეიძლება დაგაბრალოთ თქვენ, რომ მოხვედით ჩემს სახლში და ეგრე აწამეთ ჩემი შვილი, ჩემი … ხომ უნდა დაამტკიცო ელემენტარულად?!”, – განაცხადა გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
გარდა ამისა, ნათია ძიძიგურის ინფორმაციით, ის “პოლიციელის მისამართით შეურაცხყოფას, გინებას, გზის ხელოვნურად გადაკეტვას” ბრალდებით სასამართლოში დაიბარეს.