მინისტრის მოადგილეს არ აქვს პასუხი, რა ელის აბიტურიენტთა გაორმაგებულ ნაკადს

„ქართული ოცნება“ დაჩქარებული წესით განიხილავს ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, სრული ზოგადი განათლების ხანგრძლივობა 11 წლით განისაზღვრება, მე-12 კლასის გავლა კი 2028-2029 სასწავლო წლიდან ნებაყოფლობითი გახდება.
„ხალხის ძალის“ დეპუტატი სოზარ სუბარი დაინტერესდა, გაიზრდება თუ არა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მისაღები კვოტები იმ წელს, როდესაც 11 და 12 კლასდამთავრებულებს ერთდროულად მოუწევთ უნივერსიტეტებში ჩაბარება. როგორც მოსალოდნელია ამ წელს სტუდენტობის მსურველთა რაოდენობა გაორმაგდება.
„აბიტურიენტთა რაოდენობა გაიზრდება. ამ დროს მისაღები რაოდენობა იგივე რჩება? ჩვენ ერთის მხრივ ვამბობთ, რომ განათლება უფასო ხდება — ეს არის ამ კანონის მთავარი პრიორიტეტი და მეორეს მხრივ, უცებ მიაწყდება უამრავი ადამიანი, ორჯერ მეტი… ბევრი დარჩება გარეთ და მოუწევთ ფასიანებზე გადასვლა. იმ ფასიანსაც, თუ აქამდე სახელმწიფო რაღაც დონეზე აფინანსებდა, [ახლა] აღარ აფინანსებს. ამ შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ ოჯახების მნიშვნელოვანი ნაწილი სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგება და ამის დარეგულირება როგორ ხდება?“ — ჰკითხა სოზარ სუბარმა კანონპროექტზე მომხსენებელ, განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიას.
„ეს პრობლემა ჩვენთვის ცნობილია. საუბარია იმ წელზე, როცა მე-11 კლასის გადასვლასთან დაკავშირებით, ორი კლასი დაამთავრებს ერთდროულად, ანუ ორმაგი ნაკადი იქნება. შესაბამისად, ჩვენც საქმის კურსში ვართ ამასთან დაკავშირებით, უბრალოდ ახლა ამ ტიპის გადაწყვეტილება არარელევანტური იქნება, რადგან კვოტირების ნაწილიც ორი წლის მერე რა იქნება, ცოტა რთულია განვსაზღვროთ“, — განაცხადა გაბისონიამ.
მისი თქმით, ის კვოტები, თუ რამდენი სტუდენტის მიღებას შეძლებენ სახელმწიფო უნივერსიტეტები, ყოველწლიურად გადაითვლება.
„კვოტირების შემცირებას არ ვგეგმავთ. მოხდება მხოლოდ პროგრამების მიხედვით დადარება და რაოდენობა იგივე იქნება შენარჩუნებული, მხოლოდ თანდათან შემდეგ, ყოველწლიურად მოხდება გადათვლა კვოტირების ნაწილისა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ყოველ წელს ახდენს შრომის ბაზართან დადარებას ამ რაოდენობისა, ამიტომ ამ წუთას გაგვიჭირდება გითხრათ, იმ დროისთვის კვოტირების ნაწილი რა იქნება. თუ დამატებითი გადაწყვეტილებები იქნება საჭირო, იმ დროისთვის უფრო მზად ვიქნებით, რომ კონკრეტული პასუხი გაგცეთ“, — განაცხადა გაბისონიამ.
ზოგადი განათლების კანონპროექტის თანახმად, სრული ზოგადი განათლების ხანგრძლივობა განისაზღვრება არანაკლებ 11 და არაუმეტეს 12 წლით. ამასთან, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი 6 წელი იქნება, რომელიც პირს 15 სექტემბრის ჩათვლით უნდა შეუსრულდეს.
ცვლილებების თანახმად, სამინისტრო დაამტკიცებს საჯარო სკოლებში მოსწავლეთა მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების, მათ შორის, მობილური ტელეფონების გამოყენების ზოგად პირობებს. ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებისთვის სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმის ტარება, რომლის ნიმუშსაც ასევე სამინისტრო დაამტკიცებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია