მინისტრის განმარტებით, დისტანციურად სწავლა ჯარისგან თავის არიდების საშუალება ვერ იქნება

სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ილაპარაკა პარლამენტში „მინისტრის საათის” ფარგლებში სიტყვით გამოსვლის დროს განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა. ოპოზიცია დაინტერესდა, დისტანციური პროგრამების სტუდენტებს, რატომ არ გადაუვადებენ ჯარში გაწვევას, მაშინ, როდესაც ამას სხვა სტუდენტები შეძლებენ. ოპონენტებს ამილახვარმა უპასუხა, რომ დისტანციურად სწავლა გახდება სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან თავის არიდების ახალი მიმართულება და ამიტომ საჭიროა, ცვლილებების მიღება.
„რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას, თუ ჩვენ ვთანხმდებით, ყოველ შემთხვევაში საზოგადოების უდიდესი ნაწილი, რომ სტუდენტებს რამდენიმე ვარიანტი და ვერსია შეეთავაზათ მათი სურვილის მიხედვით აირჩიონ და ისე გაიარონ სავალდებულო სამხედრო სამსახური, ძალიან დიდი არჩევანია ამ კუთხით… ყოველ შემთხვევაში ეს სწავლის პარალელურად მოიხდება, – თქვა მინისტრმა და განმარტა, – მსოფლიოში ძალიან ბევრი, მათ შორის, წამყვანი ქვეყნების მიერ არის ისეთი დისტანციური პროგრამები, სადაც რეალურად სწავლა არ ხორციელდება. ამის დადგენა-დადასტურება არის ურთულესი საკითხი, მათ შორის, განათლების სამინისტროსთვის. ამიტომ ძალიან მარტივია, დღეს რომ შეხვიდეთ, იპოვით უამრავ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს, სადაც ჩარიცხვა შესაძლებელია ძალიან მარტივად, შესაბამისად, თავის არიდება. ამიტომ, ეს ბუნებრივია, ჩასაკეტი იყო, რომ არ გაჩენილიყო თავის არიდების ახალი მიმართულება”.
როგორც გიორგი ამილახვარმა განაცხადა, განათლების სამინისტრო საგაზაფხულო სემესტრის დროს წარმოადგენს რეფორმათა ახალ პაკეტს, რომელშიც დაზუსტდება, როგორი და რომელი დისტანციური სწავლება იქნება აღიარებული. „იქ შეიძლება, ვიმსჯელოთ ამ საკითხის ახლებურად მოწესრიგებაზე, რა თქმა უნდა, თავდაცვის სამინისტრორთან ერთად”, – დაამატა მან.
დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებით, სავალდებულო სამხედრო სამსახურს ვერ გადაავადებთ, თუ ხართ სტუდენტი, მაგრამ დისტანციურად სწავლობთ. ეს ცვლილება ეხებათ იმ სტუდენტებსაც, რომლებმაც უცხოეთის უნივერსიტეტში ჩააბარეს, თუმცა განათლებას არა უცხო ქვეყანაში ადგილზე, არამედ დისტანციურად, საქართველოდან იღებენ. დისტანციურ სწავლებაზე ჩანაწერი თავდაცვის კოდექსში აქამდე არ არსებობდა.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ კანონი ასეთ სტუდენტებს სამხედრო სამსახურის გასავლელად მათთვის ოპტიმალურ ფორმას შესთავაზებს, მაგალითად:
· რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა;
· სტუდენტების ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა – 4 წლის მანძილზე ყოველკვირეულად/ყოველთვიურად რამდენიმე დღე;
· სამხედრო სამსახურის სახეებიდან, რომელიც 6-, 8- და 11-თვიანია, ერთ-ერთის შერჩევის შესაძლებლობა;
ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, მეთაური სამხედრო სამსახურის პირობების გათვალისწინებით ვალდებული იქნება ხელი შეუწყოს სამხედრო მოსამსახურეს სწავლაში. სტუდენტები სამხედრო ბაზაზე არსებული ბიბლიოთეკებით, სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულებებით, სპორტული ნაგებობებითა და ინვენტარით ისარგებლებენ. უზრუნველყოფილი იქნება დისტანციური სწავლებისთვის საჭირო გარემო, ტექნიკა, ინტერნეტი.
თავდაცვის სამინისტროს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოში დისტანციურად 60-70 სტუდენტი სწავლობს.