სათამაშოების მაღაზიების ფინანსური მონაცემები, 3 მსხვილი ქსელური სავაჭრო ობიექტის შპს „სუპერის“, შპს „მინისო ჯორჯიას“ და შპს „ონლაინ მოლის“ („ვიშლისთი“) Finspot-მა მიმოიხილა.
სამივე კომპანია სათამაშოებთან ერთად სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების იმპორტსა და რეალიზაციას ეწევა საკუთარი სავაჭრო ობიექტების და ონლაინ მაღაზიების მეშვეობით.
„სუპერი“ და „ვიშლისთი“ პროდუქციის იმპორტს ახდენენ სხვადასხვა ევროპული ქვეყნებიდან, ასევე თურქეთიდან, ჩინეთიდან და სხვა. „მინისო“ კი ჩინური ბრენდის ფრანჩაიზს წარმოადგენს, რომელიც მსოფლიოს 100 ქვეყანაში 5,000-ზე მეტი მაღაზიითაა წარმოდგენილი.
„სამივე მაღაზიათა ქსელი მომგებიანია, თუმცა ყველაზე მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლები (EBITDA/operating income margin, net income margin, ROCE, etc.) „მინისოს“ აქვს, დიდწილად კომპანიის მაღალი საერთო მოგების მარჟის ხარჯზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პროდუქციის თვითღირებულებასთან შეფარდებით ყველაზე მაღალი ფასები აქვს „მინისოს“.
მომგებიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი „ვიშლისთს“ აქვს, რომელიც სავარაუდოდ კომპანიის შედარებით დაბალი ფასების სტრატეგიით აიხსნება“, – აღნიშნავენ Finspot-ში.
„სუპერი“ საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების მაღაზიათა ქსელია, რომლის წლიური ბრუნვა მნიშვნელოვნად აღემატება წარმოდგენილი კონკურენტების შემოსავლებს. „სუპერის“ შემოსავლებმა რეკორდულ ₾48 მილიონს მიაღწია 2022 წელს, რაც 23%-ით აღემატება წინა წლის ბრუნვას. პანდემიის პირველ წელს (2020), „სუპერის“ შემოსავლები 21%-ით შემცირდა, თუმცა 2021 წელსვე მოახერხა კომპანიამ პრე-პანდემიურ ბრუნვას დასწეოდა.
2019-2022 წლებში შემოსავლების ზრდის ტემპით „ვიშლისთი“ ლიდერობს, თუ 2019 წელს კომპანიის შემოსავლები „მინისოს“ შემოსავლების მხოლოდ 34%-ს წარმოადგენდა, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 91%-მდე ავიდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში, „ვიშლისთი“ საშუალოდ წლიურად 55%-ით იზრდებოდა, „მინისო“ 12%-ით, „სუპერი“ კი 8%-ით.
„საერთო მოგების მარჟებს (gross profit margin) რომ შევხედოთ ისტორიულ ჭრილში, ადვილად შესამჩნევია რომ „ვიშლისთი“ დაბალი მარჟებით ცდილობდა ბაზრის წილის მოპოვებას საწყის წლებში და ამჟამადაც კონკურენტებზე დაბალი გროს მარჟით ოპერირებს.
კომპანიების საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავლებში თითქმის იდენტურია და 32%-33%-ის ფარგლებში მერყეობს. შესაბამისად, საერთო მოგების მარჟა გადამწყვეტ როლს თამაშობს კომპანიის მომგებიანობის მაჩვენებლებში. „მინისოს“ მაღალი გროს მარჟა განაპირობეს კომპანიის ყველაზე მაღალ საოპერაციო მოგების მარჟას (20%); „ვიშლისტის“ დაბალი ფასებისა და გროს მარჟის სტრატეგია კი იძლევა კონკურენტებს შორის ყველაზე დაბალ საოპერაციო მოგების მარჟას (7%).
საბრუნავი კაპიტალის ეფექტური მართვა უმნიშვნელოვანესია კომპანიებისთვის, განსაკუთრებით ლიკვიდურობის და cash flow მენეჯმენტის კუთხით. ამ მხრივ ყველაზე არაეფექტური „სუპერია“.
დამფუძნებლებზე გაცემული თანხები დივიდენდების სახით 2019-2022 წლებში კუმულატიურად: „სუპერი“ – ₾3.0 მილიონი, „მინისო – ₾5.5 მილიონი, „ვიშლისთი“ -₾0“, – ნათქვამია მიმოხილვაში.
„სუპერის“ მფლობელები არიან: ივანე ხაზარაძე – 51.0%; ეთერ ბუაჩიძე- 13.6%, მორის რუთხრინგი (ნიდერლანდები) – 12.0%, ნინო ქიქოძე – 8.0%, გიორგი ქიქოძე – 8.0%, მაია გიორგობიანი -7.4%.
„მინისოს“ მფლობელები არიან : ლევან აროშიძე – 33.0%, ნანა აროშიძე – 17.5%, არჩილ აროშიძე – 17.0%, იბრაიმ შალიკაძე – 12.5%, ირაკლი გოგოლიშვილი – 8.0%, გიორგი ჩიტაშვილი – 5.0%, დავით შალიკაძე – 5.0%, დავით ანდღულაძე – 2.0%.
„ვიშლისთის“ მფლობელია ოთარ წურწუმია (100%).