„მინიმუმ არჩევნებამდე ლარის კურსზე წნეხი კიდევ იქნება“ – როგორია არჩევნების შემდგომი მოლოდინები

„გასაკვირი არ არის, რომ ს თვეს დოლარზე მოთხოვნა გაზრდილია, როგორც ბიზნესის, ასევე მოსახლეობის მხრიდან“ – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა გიორგი ხიშტოვანმა განაცხადა.
მისი თქმით, მოქალაქეებსა და ბიზნესებს, რომლებიც ვაჭრობენ უცხოურ ვალუტაში, საფუძვლიანი ეჭვი აქვთ, რომ ლარის გაუფასურების რისკები გაზრდილია და სწორედ ამიტომ თავს იზღვევენ.
„მაგალითად, ბიზნესს, რომელსაც უწევს ტრანზაქციების განხორციელება დოლარში და შემოსავალი აქვს ლარში, აქვს სურვილი შეიძინოს დოლარი ხელსაყრელი კურსით, რადგან ელოდება ვალუტის გაუფასურებას. ეს იწვევს წნეხს ლარზე და სებ-ი თვლის თავს იძულებულად ან იძულებულია განახორციელოს ინტერვენცია“, – ამბობს ხიშტოვანი.
როგორც მანვე აღნიშნა, მინიმუმ არჩევნებამდე ლარის კურსზე წნეხი იქნება. აქედან გამომდინარე ხიშტოვანი არ გამორიცხავს, რომ არჩევნებამდე ეროვნულმა ბანკმა მერყეობის შესაკავებლად ღია ან მეორად ბაზრებზე დოლარი კვლავაც გაყიდოს.
„ეროვნული ბანკი ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ დღეებში კურსი არ გაუფასურდეს უფრო მეტად. რაც შეეხება არჩევნების შემდგომ პერიოდს, ბევრი რამ, თუ არა ყველაფერი, დამოკიდებულია შედეგებზე, იმ კუთხით, რომ ერთი – რამდენად მოხდება აღიარება მონაწილეების მხრიდან ამ შედეგების და მეორე – რამდენად სტაბილური მთავრობის ფორმირების მომსწრეები გავხდებით. თუ ვერ მოხერხდა საქართველოში ვერც ერთი და ვერც მეორე, რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო გაზრდის განუსაზღვრელობას და კიდევ უფრო დააწვება წნეხად ლარის კურსს“, – განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.
შეგახსენებთ, ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის მიმდინარე თვეს 113.4 მლნ დოლარი გაყიდა. 16 ოქტომბერს სებ-მა სავალუტო აუქციონზე გასაყიდად 70 მლნ. დოლარი გამოიტანა და 64.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. მანამდე, 8 ოქტომბერს ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად 60 მილიონი აშშ დოლარიც გამოიტანა, საიდანაც 48.5 მლნ გაიყიდა. მთლიანად კი, ეროვნულმა ბანკმა 2024 წელს მხოლოდ სავალუტო აუქციონებით ბაზარს 282.1 მლნ დოლარი მიაწოდა.
bpn.ge