აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ის საკუთარ გვერდზე მაიკლ მაკკიუნის მოსაზრება გააზიარა, რომელშიც ავტორი წერს, რომ უკრაინასა და ამერიკას შორის მინერალებზე შეთანხმების დადება ხელს შეუშლის რუსეთს, სამომავლოდ ხელახალი თავდასხმა წამოიწყოს.
მოსაზრებაში, რომლის ავტორსაც, როგორც ჩანს, ტრამპიც ეთანხმება, ასევე წერია, რომ იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი უკრაინას ხელახლა თავს დაესხმება, ამერიკას ამაზე პასუხის გაცემაც მოუწევს, რადგან პუტინის მხრიდან ეს გადაწყვეტილება ამერიკელების სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენების ტოლფასი იქნება.
“ახლა ზელენსკის არ ექნება არჩევანი გარდა იმისა, რომ უკან დაიხიოს და ტრამპის პირობები მიიღოს. მაგრამ აქ არის გენიალური ნაწილი – ტრამპი სინამდვილეში უკრაინას იცავს ომში აშშ-ს ჩართვის გარეშე.
მინერალების შეთანხმებაზე მოლაპარაკებით, ტრამპი უზრუნველყოფს, რომ ამერიკელები უკრაინის სამთო-მოპოვებით ინდუსტრიაში იქნებიან ჩართული. ეს რუსეთს ხელს შეუშლის, რომ თავდასხმა წამოიწყოს, რადგან უკრაინაზე თავდასხმა ამერიკელების სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენების ტოლფასი იქნება – რაც აშშ-ს აიძულებს, რომ პასუხი გასცეს. ტრამპი ორივე მხარით ოსტატი ჭადრაკის მოთამაშესავით თამაშობს.
საბოლოოდ, ზელენსკის დათმობის გარდა არჩევანი არ ექნება, რადგან აშშ-ს მხარდაჭერის გარეშე, უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ გრძელვადიან ომში ვერ გაიმარჯვებს. და როდესაც აშშ-ს კომპანიებს სამთო-მოპოვების ოპერაციები ექნებათ უკრაინაში, პუტინი ვეღარ შეძლებს თავდასხმას მასობრივი საერთაშორისო შედეგების გამოწვევის გარეშე”,- წერია ტრამპის მიერ გაზიარებულ მოსაზრებაში.
