მინესოტის შტატის ქალაქ მინეაპოლისის პოლიციის უფროს ბრაიან ო’ჰარას ინფორმაციით, 27 აგვისტოს “ხარების კათოლიკურ სკოლაში” სროლის შედეგად 8 და 10 წლის ორი ბავშვი დაიღუპა. დაჭრილია მინიმუმ 17 ადამიანი, უმრავლესობა – ბავშვები. თავდამსხმელმა თავი მოიკლა.
ბრაიან ო’ჰარას თანახმად, თავდამსხმელმა ეკლესიის ფანჯრებიდან ისროლა. ზოგიერთი კარი შენობის იმ მხარეს, სადაც მსროლელი იმყოფებოდა, დაბლოკილი იყო. თავდამსხმელს ჰქონდა ავტომატური იარაღი, თოფი და პისტოლეტი. პოლიციის ხელთ არსებული მონაცემებით, ყველა იარაღი გამოიყენა. მან თავი ეკლესიის უკან მოიკლა.
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა და ეს არის რობინ ვესტმანი. FBI-ს დირექტორმა კეშ პატელმა განაცხადა, რომ უწყება საქმეს იძიებს როგორც „შიდა ტერორიზმის აქტსა და კათოლიკეებისადმი სიძულვილით ჩადენილ დანაშაულს“.
პოლიციის თანახმად, თავდამსხმელი 23 წლის იყო. მას არ აქვს ნასამართლეობა. იარაღი ახლახან კანონიერად შეიძინა. ო’ჰარა აცხადებს, რომ არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ ვესტმანის გარდა კიდევ ვინმე უშუალოდ მონაწილეობდა თავდასხმაში.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავდაპირველად სოციალურ პლატფორმაზე დაწერა, რომ თეთრი სახლი გააგრძელებდა ვითარებისთვის თვალყურის მიდევნებას, მოგვიანებით კი ბრძანება გასცა თეთრ სახლსა და ყველა სახელმწიფო შენობასა და ტერიტორიაზე, ყველა სამხედრო ობიექტსა და ფედერალური მთავრობის ყველა გემზე აშშ-ის დროშის დაშვებაზე 31 აგვისტოს ჩათვლით. ტრამპის ბრძანებით, დროშები იგივე ვადით დაშვებულია აშშ-ის ყველა საელჩოში, საკონსულოსა და უცხოეთის სხვა ოფისებში, სამხედრო ობიექტებსა და საზღვაო ძალების გემებზე.
მინესოტის გუბერნატორმა ტიმ უოლცმა მადლობა გადაუხადა მინეაპოლისის მერ ჯეიკონ ფრეის, მინეაპოლისის პოლიციის განყოფილებას, ჰენეპინის ოლქის შერიფის ოფისს, მინესოტის შტატის პატრულსა და სხვა უწყებებს სკოლაში სროლაზე რეაგირების გამო. მან ახსენა აგრეთვე გამოძიების ფედერალური ბიურო.
“ვლოცულობ ჩვენი ბავშვებისა და მასწავლებლებისთვის, რომლებისთვისაც სკოლის პირველი კვირა ძალადობის საზარელმა აქტმა დაჩრდილა” – განაცხადა უოლცმა.
მინეაპოლისის სკოლაში მომხდარს გამოეხმაურნენ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი.
„ის, რაც დღეს მინეაპოლისში მოხდა, სულისშემძვრელია, მე და მიშელი ვლოცულობთ იმ მშობლებისთვის, რომლებმაც შვილი დაკარგეს ან სასთუმალთან უსხედან მას ამ ენით აუწერელი, არასაჭირო ძალადობის აქტის შემდეგ“ – აცხადებს ობამა.
ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის და ყოფილი პირველი ლედი ჯილ ბაიდენი “შეძრულები” არიან მომხდარით და რომ “არც ერთი მშობელი არასდროს უნდა მარხავდეს შვილს”:
“არ არსებობს სიტყვები, რომლებიც ადეკვატურად აღწერს ამ საშინელ და მტკივნეულ მომენტს. მთელი გულით ვლოცულობთ მსხვერპლის, მათი ოჯახებისა და მინეაპოლისის თემისთვის” – წერს ბაიდენი X-ის პლატფორმაზე.
ფორუმი
