კიდევ ერთხელ დიდი მადლობა უნდა გითხრათ ყველას ტოლერანტობის ცენტრის და ჩემი უწყვეტი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, – თუ ძვირფას მეგობრებს, თანამებრძოლებს, თანამოაზრეებს, აქაურ “ფრენდებს”, თუ ჩემთვის უცნობ ადამიანებს!
დიდი მადლობა მათ, ვისთანაც თეოლოგიურ თუ პოლიტიკურ საკითხებზე ხშირად და მწვავედ მიკამათია, ზოგიერთი გამინაწყენებია კიდეც, მაგრამ ახლა მათი მხარდაჭერა უპირობო იყო.
დიდი მადლობა მათ, ვისაც, შესაძლოა, ჩემი მხარდაჭერა სჭირდებოდა, მაგრამ საამისოდ ბევრი არაფერი მითქვამს ან გამიკეთებია, ხოლო თავად, ახლა, კეთილი სამარიტელივით, გულგრილად არ ჩაგვიარეს.
დიდი მადლობა რელიგიათა საბჭოს უძვირფასეს წევრებს, – რელიგიურ გაერთიანებებს, უძვირფასეს მეგობრებს დღევანდელი გამორჩეულად მნიშნველოვანი მხარდამჭერი განცხადებისთვის, დიდი მადლობა მათ ჩვეული სითამამისა და სიმართლისთვის.
დიდი მადლობა ძვირფას მეცნიერებს, – იურისტებს, თეოლოგებს, ისტორიკოსებს, რელიგიის მკლევრებს შესანიშნავად დასაბუთებული მხარდამჭერი წერილისთვის, რომელმაც ძალიან გამახარა.
დიდი მადლობა არაფობიას პლატფორმის წევრ არსამთავრობო ორგანიზაციებს პირველი და უსწრაფესი რეაგირებისთვის, დიდი მადლობა იმ ორგანიზაციებს, ასევე პოლიტიკოსებს, რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს და პარლამენტის თავმჯდომარის, უმრავლესობის სხვა წარმომადგენლების თავდასხმების სერია, სიძულვილის მიზნამიმართული გაღვივება გააპროტესტეს.
დიდი მადლობა არასახელისუფლებო მედიას, რომელიც მუდმივად და ობიექტურად აშუქებედა ამ ამბებს, მაგრამ ასევე ბოდიში ჟურნალისტებს, რაკი, პატივისცემის მიუხედავად, ინტერვიუზე უმეტესწილად არ ვთანხმდებოდი.
ბედნიერი ვარ ყოველი თქვენგანის თანადგომითა და გამხნევებით – სასაცილოა, ხელისუფლება თუ ჩვენს დაშინებასა და გაჩუმებას ისახავდა მიზნად!
ამ დღეებში ხშირად ვფიქრობ იმის შესახებ, უკვე რამდენი ადამიანი, რამდენი ჩემი მეგობარი, რამდენი ორგანიზაცია იქცა ხელისუფლების ამ სტალინისტური თავდასხმების სამიზნედ.
“ხალხის მტრების” გამოვლენის ეს კონვეირი ერთობლივად უნდა გავაჩეროთ!
ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებზე. კერძოდ, 18 იანვარს შალვა პაპუაშვილმა ბექა მინდიაშვილს “ქართული ეკლესიის მიმართ მტრულად განწყობილი ადამიანი” უწოდა და ომბუდსმენს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდა.
მინდიაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს სოციალურ ქსელში უპასუხა და დაწერა, რომ პაპუაშვილი თავისი განცხადებით უგულებელყოფს რელიგიური ნეიტრალობის პრინციპებს და ხელისუფლების მხრიდან ეკლესიის პოლიტიკური მანიპულირების სურვილს გამოხატავს.
20 იანვარს პაპუაშვილი მინდიაშვილს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და დაწერა, რომ ის ეკლესიას აქტიურად ესხმის თავს. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ორგანიზაცია USAID ტოლერანტობის ცენტრის დაფინანსების გამო გააკრიტიკა.