მინანქრის საწარმო „იკორთა“ მასტერკლასებისთვის სივრცის აშენებას გეგმავს

მინანქრის მწარმოებელი სოციალური საწარმო „იკორთა“ ახალი სივრცის აშენებას გეგმავს, სადაც მასტერკლასები ჩატარდება. ამის შესახებ BM.GE-სთან ინტერვიუში საწარმოს კომუნიკაციების მენეჯერმა, ანა ახლოურმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, საწარმომ ამ მიზნით ორ ტურისტულ კომპანიასთან დაიწყო თანამშრომლობა, მათ შორის „ინტრეპიდიასთან“, რომელსაც სოციალური პროექტების გაძლიერების პროგრამების ფონდი აქვს.
„”ინტრეპიდიას“ მხარდაჭერით, სრულიად ახალი სივრცის აშენებას ვგეგმავთ, რომელშიც მასტერკლასები, საოკუპაციო თემაზე საუბრები, დისკუსიები და პრეზენტაციები ჩატარდება. პარალელურად, არსებული სახელოსნო კვლავ გააგრძელებს ფუნქციონირებას”, – აღნიშნა ახლოურმა და დასძინა, რომ დამატებითი სივრცის მშენებლობისთვის დაახლოებით 20 000 დოლარია გათვალისწინებული.
სოციალური საწარმო რეგიონებში გასვლაზეც მუშაობს და ამ კუთხით მოლაპარაკებებს ბორჯომში, ყაზბეგსა და ახალციხეშიც აწარმოებს.
ცნობისთვის, საწარმომ 2023 წელს, ვერცხლის კოლექციის ხაზის ამოქმედება დაიწყო, რომელზეც ქართული სიმბოლიკა, ასევე ახალგორის განძის ორნამენტებია გამოსახული. ამ პროდუქციაზე მოთხოვნამ ის განაპირობა, რომ წელს “იკორთა” ვერცხლის წარმოების 20%-ით ზრდას გეგმავს.
ინფორმაციისთვის, სოციალური საწარმო “იკორთა” ტიხრული მინანქრის სახელოსნოა, რომელმაც საქმიანობა 2011 წელს, წეროვნის დევნილთა დასახლებაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ დაიწყო. შექმნის დღიდან, მათი მიზანი ადგილობრივი ქალებისთვის დასაქმებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის შესაძლებლობების შექმნა იყო.

ასევე დაგაინტერესებთ