მიმოწერის ფუნქციის მქონე ონლაინსერვისებს შესაძლოა დაევალოთ მონაცემების “ეფესბესთვის” გადაცემა

რუსეთის ციფრული განვითარების სამინისტრო გამოვიდა მოწოდებით, რომ შეტყობინებების გაცვლის ფუნქციის მქონე ონლაინსერვისები იძულებით შეიტანონ ინფორმაციის გამავრცელებელთა რეესტრში. სამინისტროს შესაბამის პროექტზე ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა Коммерсантъ-ი.
რეესტრში შეტანილი უწყებები ვალდებულნი არიან, ნახევარი წლის განმავლობაში შეინახონ მომხმარებელთა მიმოწერა, მონაცემები მიაწოდონ “ეფესბეს” და დააყენონ მოწყობილობა, რომელიც “ეფესბეს” საშუალებას მისცემს, მოიპოვოს ინფორმაცია მომხმარებლებზე და მათ მოქმედებებზე.
სამინისტროს პროექტის თანახმად, რეესტრის იძულებითი წესით შევსების უფლებას მიიღებს “როსკომნადზორი”. ეს უწყება შეძლებს თავად შეიტანოს რეესტრში საიტი, რომელსაც მიმოწერის ან უკუკავშირის ფუნქცია აქვს, მისმა მფლობელმა კი ორჯერ არ შეასრულა სიაში თავად გაწევრიანების მოთხოვნა.
წესების შეუსრულებლობაზე გათვალისწინებულია ჯარიმა ექვსი მილიონი რუბლის (67 ათასამდე ამერიკული დოლარის) ოდენობით. ციფრული განვითარების სამინისტროს პროექტი საჯარო განხილვაზეა გატანილი და მას 13 იანვრამდე განიხილავენ.
ამჟამად რეესტრში საკუთარი სურვილით ან “როსკომნადზორის” მოთხოვნით ხვდებიან. Коммерсантъ-ის თანახმად, ახლა რეესტრში თავმოყრილია 606 რესურსი, მათ შორის უცხოურები – ისეთები, როგორებიცაა “ВКонтакте”, გაცნობის, ელექტრონული ფოსტისა და ბანკების საიტები. Telegram-ის მესინჯერი ასევე შეიტანეს რეესტრში 2017 წელს, თუმცა სერვისმა უარი განაცხადა “ეფესბესთვის” შიფრის გასაღების გადაცემაზე, – აცხადებს უფლებადამცველი პროექტი “როსკომსვობოდა”.

ასევე დაგაინტერესებთ