მიმდინარე წელს, ევროპაში ყველაზე მეტი – 21 უქმე დღე საქართველოშია

საქართველოს შრომის კოდექსი, დიდი შაბათისა და აღდგომის ჩათვლით, 17 უქმე დღეს ითვალისწინებს. მთავრობის 2024 წლის 30 აპრილის დადგენილებით, ჯერ 7, 8 და 10 მაისი გამოცხადდა უქმე დღეებად, შემდეგ კი, 15 მაისის დადგენილებით – 2024 წლის 17 მაისი, ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო 17 მაისს ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საქართველოში 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე 2014 წლიდან აღინიშნება.
შესაბამისად, მთავრობის 2024 წლის 30 აპრილის და 15 მაისის დადგენილებების შემდეგ, ქვეყანაში უქმე დღეების რაოდენობა 17-დან 21-მდე გაიზარდა, რაც ევროპის მასშტაბით უქმე დღეების ყველაზე მაღალი რიცხვია.
საქართველოში მიმდინარე წლის უქმე დღეების ჩამონათვალი ასეთია:
1 და 2 იანვარი — ახალი წლის სადღესასწაულო დღეები;
7 იანვარი — შობა;
19 იანვარი — ნათლისღება;
3 მარტი — დედის დღე;
8 მარტი — ქალთა საერთაშორისო დღე;
9 აპრილი — საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;
სააღდგომო დღეები: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე (აღდგომის შემდეგი ორშაბათი);
7, 8 და 10 მაისი;
9 მაისი — ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
12 მაისი — ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე; საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის − წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე.
17 მაისი – ოჯახის სიწმინდის დღე;
26 მაისი — საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;
28 აგვისტო — მარიამობა;
14 ოქტომბერი — მცხეთობა;
23 ნოემბერი — გიორგობა.
რაც შეეხება ევროპას, ევროპაში უქმე დღეების რაოდენობა 9-დან 17-მდე მერყეობს. ყველაზე მეტი – 17 უქმე დღე სლოვაკეთშია. ყველაზე ცოტა – 9 უქმე დღე კი ნიდერლანდების სამეფოს აქვს.
ევროპის ქვეყნების მაგალითით, ევროპაში ყველაზე მეტი – 21 უქმე დღე 2024 წელს საქართველოშია. ამავდროულად, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა 2017 წლის 15 მარტს მხარი დაუჭირა ინიციატივას 12 აგვისტოს, დიდგორის ბრძოლის დღის „საქართველოს დიდი გამარჯვების“ დღედ გამოცხადების და უქმედ დაწესების შესახებ. ამ შემოთავაზების კანონად მიღების შემთხვევაში, საქართველოში მიმდინარე წელს 22 უქმე დღე იქნება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში უქმე დღეები პირველად 1918 წლის 31 დეკემბერს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დადგინდა. ოფიციალური უქმე დღეებიდან, სეკულარიზმის პრინციპების მიხედვით, გამორიცხული იყო საეკლესიო დღესასწაულები. დაწესებული იყო 4 უქმე დღე: 1 იანვარი — ახალი წელი; 12 მარტი — თებერვლის რევოლუციის დღე; 1 მაისი — მშრომელთა საერთაშორისო დღე; 26 მაისი — საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.