მიმდინარე კვირას, პარიზში ქართული ღვინო სამ ღონისძიებაზე იყო წარდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
კერძოდ, პარიზში გამართულ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მასშტაბურ გამოფენაში – „VinExpo Paris“ მონაწილეობა მიიღო ქართული ღვინის 13 კომპანიამ, ესენია: „თბილღვინო“, „GWS“, „მეღვინეობა შუმი“, „მეღვინეობა ხარება“, „შატო მუხრანი“, „თელიანი ველი“, „ასკანელი“, „მეღვინეობა შილდა“, „მეღვინეობა ჩელთი“, „BOLERO & COMPANY“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „ქინძმარაულის ღვინის მარანი“ და „მეღვინეობა იყალთო“.
გამოფენის პარალელურად, პარიზის გასტრონომიისა და სტუმართმასპინძლობის მენეჯმენტის სკოლაში (Le Cordon Bleu) ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ირაკლი ჩოლობარგიამ ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია აღნიშნული სკოლის ენოლოგიისა და ღვინის მენეჯმენტის კურსის მსმენელებისთვის გამართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღნიშნული კურსის მსმენელები არიან მომავალი ექსპერტები, სომელიეები, ექსპორტ-იმპორტის სპეციალისტები, ბაიერები, ღვინის მწერლები; შესაბამისად, მნიშვნელოვანია მათთვის ქართული ღვინის გაცნობა.
მიმდინარე კვირაში, ასევე ქვევრის ღვინის მწარმოებელმა ცხრა მარანმა საკუთარი პროდუქცია პარიზში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში „RAW Wine Paris 2025“ წარმოადგინა.
„ღვინის ეროვნული სააგენტო აგრძელებს ღვინის მწარმოებლების მხარდაჭერას საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებებში მონაწილეობის მიმართულებით, რაც მათ ახალი სავაჭრო პარტნიორებისა და პოტენციური იმპორტიორების მოძიების შესაძლებლობას აძლევს. პარიზში, ქართული ღვინის სამ მასშტაბურ და მნიშვნელოვან ღონისძიებაზე წარდგენა კიდევ უფრო გაზრდის ქართული ღვინის ცნობადობას ევროპის სტრატეგიულ ბაზარზე“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძემ.
ცნობისთვის, 2024 წელს ქართული ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტი საფრანგეთში შემცირდა. კერძოდ, გასულ წელს საქართველოდან 509 350 აშშ დოლარის 82 ტონა ღვინო გავიდა, მაშინ როცა 2023 წელს ღვინის ექსპორტმა საფრანგეთში 590 710 ათასი აშშ დოლარი და 91 ტონა შეადგინა. ქართული ღვინის საფრანგეთში ექსპორტის თვალსაზრისით, რეკორდული წელი იყო 2022, როდესაც ქვეყნიდან 1,2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 320 ტონა ღვინო გავიდა საფრანგეთში.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/kit_w_h-Q83Z9h-300x169.jpeg)