საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგში სუბსიდირების მექანიზმის არსებობა ხშირად კრიტიკის საგანია. სუბსიდირების მექანიზმის არსებობას არ ემხრობა არც ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე, რომელიც აცხადებს, რომ სუბსიდირების მექანიზმის გამოყენება შესაძლებელია, თუმცა ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გამოყენება.
მისი თქმით, ევროკავშირში დარგი სუბსიდირდება, თუმცა მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში, მაგალითად იმ შემთხვევაში თუ ფერმერი შესაბამისი სტატუსის მატარებელია. მისი თქმით, საქართველოში ფერმერის სტატუსზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა როდის იქნება ეს საკითხი ბოლომდე მიყვანილი ჯერ უცნობია.
“მე სუბსიდიის წინააღმდეგი ვარ და ვთვლი, რომ ეს არ არის კარგი ეკონომიკისთვის, განსაკუთრებით იმ განვითარებული მიმართულებებისთვის, რომელიც ქვეყანას გააჩნია. მაშინ რა დააშავა სხვა დარგებმა? თუ ყველაფერი უნდა დავასუბსიდიროთ, შეიძლება ერთ დღეს საბჭოთა სივრცეში აღმოვჩნდეთ.
აქ ძალიან საინტერესო ფაქტორი შემოდის, რაზეც ხშირად ხდება აპელირება. არის ის რომ ევროკავშირშიც ხშირად ხდება სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირება, თუმცა იქ არის სუბსიდირება ფერმერის სტატუსიდან გამომდინარე, რა პროდუქტს აწარმოებს, როგორია მისი წარმოება კვოტასთან მიმართებით. ძალიან ბევრი თემაა, რომელიც საქართველოში რომ გადმოვიტანოთ კარგი იქნება, თუმცა ამისთვის ბევრი რამ უნდა გაკეთდეს.
პირველი ის, რომ სრულად უნდა დასრულდეს მიწების რეგისტრაცია და სახელმწიფოში არსებული მიწები უნდა გადავიდეს ეკონომიკაში. შესაბამისად, უკვე უნდა გვქონდეს ფერმერის სტატუსი, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა როდის იქნება ამაზე არ მაქვს ინფორმაცია. თუ ფერმერის სტატუსი გვექნება, ესეც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ უკვე სუბსიდიაზეც ვილაპარაკოთ”, – ამბობს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე.