კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი ლევან ცუცქირიძე აცხადებს, რომ სამართალდამცავები სამართალდამრღვევებად იქცნენ და ის, რაც ქვეყანაში ახლა ხდება, „ქართული ოცნების“ ტერორიზმია საკუთარი ხალხის წინააღამდეგ.
ამის შესახებ ლევან ცუცქირიძემ ბარიერგადალახული, პროევროპული ოპოზიციის ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ეს თვითმარქვია მთავრობა იყენებს ტერორს. ეს სხვა არაფერია, თუ არა ტერორიზმი საკუთარი ხალხის მიმართ. დღეს, რეალურად, სამართალდამცავი სტრუქტურები გახდნენ სამართალდამრღვევები.
სამართლიანობის, დემოკრატიის, თავისუფლების, ევროპული იდეის და კონსტიტუციის სადარაჯოზე დგას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება, ნამდვილი ჟურნალისტები, რომლებიც გუშინ ასეთი თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ. ასეთი თავდასხმები ახასიათებთ ავტორიტარულ რეჟიმებს. ჩვენ ვხედავთ, როგორ ასრულებენ ასეთი რეჟიმები. ასე დაასრულა იანუკოვიჩმა, ასე დაასრულა ასადმა და ასე დაასრულებს ბიძინა ივანიშვილი. ნებისმიერი მთავრობა, რომელიც საკუთარი, ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ მიდის, ასე ტრაგიკულად დაასრულებს, ხალხის რისხვის წინაშე.
მოვუწოდებ ყველას, სამოქალაქო საზოგადოებას, ჟურნალისტებს სოლიდარობისა და ერთად დგომისკენ. ამ რეჟიმის დღეები დათვლილია. ისინი ბოლო პერიოდში ერთმანეთს არწმუნებდნენ, რომ დონალდ ტრამპი მათი გადამრჩენი იქნებოდა, რომ ურთიერთობების გადატვირთვა მოხდებოდა და ისინი ახლებურად გააგრძელებდნენ ურთიერთობებს, ასეთი რამ ვერ და არ მოხდება იმიტომ, რომ არცერთ მთავრობასთან, რომელიც ასე ეპყრობა საკუთარ საზოგადოებასა და ხალხს, აშშ საქმეს არ დაიჭერს, მხარს არ დაუჭერს, მისი მეგობარი ვერ იქნება. უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. ეს არის საუკეთესო პოლიტიკური გამოსავალი და უნდა დაისაჯონ დამნაშავეები“, — აცხადებს ლევან ცუცქირიძე.